სამართალდამცველების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას სახალხო დამცველი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.
2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონი, რომლითაც შეიქმნა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სწორედ აღნიშნული სამსახურის უფლებამოსილების სფეროში მოექცა სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონი თავდაპირველად ითვალისწინებდა, რომ ინსპექტორის მანდატი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სხვა, კანონი 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა პარლამენტმა ეს ვადა 6 თვით გადასწია.
როგორც აღმოჩნდა, ინსპექტორის აპარატი ამ ფუნქციების განსახორციელებლად 2019 წლის პირველილი ივლისიდანაც არაა მზად, ვინაიდან მთავრობას საჭირო ფინანსური რესურსი ჯერ არ გამოუყვია.
“მომზადებულია პირველ ეტაპისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების პროექტები, ფინანსური გაანგარიშებები, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული საჭიროებების ჩამონათვალი, გადმოცემული ქონების სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და პროექტი და, რაც მთავარია, გამომძიებელთა შესარჩევად კონკურსის ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. თუმცა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის მიერ ჯერაც არ მომხდარა სამსახურის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფისთვის აუცილებელი რესურსის გამოყოფა და საგამოძიებო დანაყოფის საშტატო ნუსხაც კი არ არის დღემდე შეთანხმებული, გარკვეული სირთულეები არსებობს”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.
ამ დროისთვის არ არიან შერჩეული გამომძიებლები და არც მათ რაოდენობაზე არსებობს მთავრობასთან შეთანხმება.
ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს, როდესაც კანონის ამოქმედების ვადა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველი ივლისისთვის გადაიდო, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აისახა საჭიროებები, კერძოდ, 80 საშტატო ერთეულის დამატებისა და 2019 წლისთვის დაახლოებით 8.5 მილიონი ლარის გამოყოფის საჭიროება. აღნიშნული თანხა მოიცავდა როგორც საგამოძიებო ფუნქციის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურის (შენობა, კომპიტერული ტექნიკა, ავტომანქანები და სხვა ინვენტარი) მოწყობას, ასევე საგამოძიებო დანაყოფის თანაშრომლების შრომით ანაზღაურებასა და სხვა მიმდინარე ხარჯებს, მათ შორის გამომძიებელთა გადამზადებას.
“სანამ არ მოხდება გამომძიებელთა რაოდენობასა და მათი ანაზღაურების ოდენობაზე შეთანხმება, ფიზიკურად ვერ მოხდება გამომძიებელთა შერჩევა. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია ფაქტობრივ შესაძლებლობას, რომ საჭირო რაოდენობის გამომძიებლები თანამდებობებზე 1-ელ ივლისამდე დაინიშნოს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს”, – აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.
ამ ეტაპზე საგამოძიებო ფუნქციის განსახორციელებელი ხარჯები ბიუჯეტში ასახული არ არის.
“ინსპექტორის აპარატს მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, რომელიც უფრო სამართლებრივი და ორგანიზაციული ხასიათის იქნება (სამართლებრივი აქტების მომზადება, ლოჯისტიკა, კონკურსის ორგანიზება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სხვა) 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მხოლოდ 800 000 ლარით გაეზარდა დაფინანსება, თუმცა, ცხადია, ეს ზრდა ვერ დაფარავდა საგამოძიებო ფუნქციებთან დაკავშირებულ საჭიროებებს”, – აცხადებენ ინსპექტორის აპარატში.
დაფინანსების პრობლემაზე სახელმწიფო ინსპექტორმა თამარ ქალდანმა გუშინ, 29 მაისს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროსაც გაამახვილა ყურადღება და პარლამენტს სთხოვა, უფრო აქტიური ჩართულობა იმისთვის, რომ სამსახურმა პირველი ივლისიდან მისი უფლებამოსილებების სრულად განხორციელება შეუფერხებლად შეძლოს. “ევროპულმა საქართველომ” კი განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, ამ დრომდე რატომ არ გატარდა შესაბამისი ზომები, რომ ივლისიდან სისტემა მზად ყოფილიყო სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის.
“ჩვენ ვიცით, რომ ერთხელ უკვე გადავადდა საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება და ახლა მეორედ გადავადება მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება. ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ ამ წუთის მონაცემებით, სისტემა არ არის მზად, რომ ივლისის დასაწყისში საგამოძიებო ფუნქცია სრულად შევიდეს ძალაში: არ არიან კვალიფიკაციის მიხედვით გადამზადებული კადრები, პირველ რიგში, გამომძიებლებს ვგულისხმობ. ხელისუფლება ვერ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რატომ არ გატარდა ამ დრომდე შესაბამისი ზომები. თუ საუბარია ფინანსურ პრობლემაზე, მაშინ უბრალოდ შევახსენებ ხელისუფლებას, რომ სულ ცოტა ხნის წინ სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით მილიონი ლარი დახარჯა 12 მაისის (წილხვდომილობის) დღესასწაულის აღსანიშნავად. ფინანსებზე ლაპარაკი არ არის წონადი არგუმენტი, როდესაც ხელისუფლებას უამრავი ისეთი ხარჯი აქვს, რომელიც ვერნაირ კრიტიკას ვერ უძლებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სულხან სალაძემ.
იმის გასარკვევად, თუ რატომ ჭიანურდება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის აუცილებელი რესურსების გამოყოფა, “ნეტგაზეთი” ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც კომენტარისთვის მთავარობის საპარლამენტო მდივანთან გადაგვამისამართეს.
ნათია მიქელაძე ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრი და მთავრობა აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან და მუშაობა მიმდინარეობს, ასევე, აქცენტს აკეთებს “გარდამავალ პერიოდზე”, როცა ახალი ინსპექტორი უნდა აირჩეს.
“მიმდინარეობს თანხების დაზუსტება, უყურადღებოდ ნამდვილად არ არის ეს საკითხი დარჩენილი. მზაობა და სურვილი არსებობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სრულყოფილად და ეფექტურად ამოქმედება მოხდეს”, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა 3 ივლისს ეწერება. ის ახალი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში არ მონაწილეობს.
ახალი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება 2019 წლის 17-დან და 26 მაისამდე მიმდინარეობდა. განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპების შემდეგ, საკონკურსო კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია პარლამენტის, მთავრობის და სასამართლოს, ასევე, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, პრემიერს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 კანდიდატი უნდა წარუდგინოს.
ამავე თემაზე
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის კონკურსში თამარ ქალდანი არ მონაწილეობს