ახალი ამბები

30 მაისს თბილისში წიგნის 21-ე ფესტივალი გაიხსნება

30 მაისი, 2019 •
30 მაისს თბილისში წიგნის 21-ე ფესტივალი გაიხსნება

დღეს, 30 მაისს, 12:00-ზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში  თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.  “წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” ცნობით, გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი და მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემლი ჰიუგო ზეტცერი.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: Fili-ს (ფინური ლიტერატურის ფონდი) დირექტორი – ტიია სტრანდენი, კავკასიაში ფინეთის ელჩის ოფისის მეორე მდივანი – ტარია პარკინენი , ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფესტივალის სპეციალური სტუმრები, რუსი მწერალი სერგეი ლებედევი, ავსტრიელი მწერალი  რობერტ მენასე.

თბილისის წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ოთხი,  მე-3, მე-5, მე-6 და მე-11  პავილიონები 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.

პირველად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში  30 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება გამომცემელთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც სფეროს წარმომადგენლები ქართველი და საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით იმსჯელებენ საავტორო უფლებების, საგანმანათლებლო გამოწვევების, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლების შესახებ.

ასოციაციის ცნობით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ეყოლება ფოკუს-ქვეყანა და 2019 წელს ამ სტატუსით ფინეთი ისარგებლებს.  30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ფინელი მწერლები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი. ფესტივალის ფარგლებში ფინელი ავტორები გამართავენ შეხვედრებსა და პანელ-დისკუსიებს ქართველ მწერლებთან ერთად.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი