აფიშაახალი ამბებიხელოვნება

5 წიგნი, რომელიც უნდა შეიძინოთ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

23 მაისი, 2023 •
5 წიგნი, რომელიც უნდა შეიძინოთ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გაიმართება 25-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალს ტრადიციულად უმასპინძლებს ექსპო ჯორჯიას მე-11, მე-5 და მე-6 პავილიონები.

წიგნების დიდი არჩევანიდან გამოვარჩევთ 5 წიგნს:

  1. ჰანა არენდტი „აიხმანი იერუსალიმში“ – მთარგმნელი თამარ ლომიძე. გამომცემლობა „დიოგენე“.

 

გამომცემლობის „დიოგენე“ ახალ გამოცემული წიგნებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა, ჰანა არენდტის ტექსტი – „აიხმანი იერუსალიმში: ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“.

ჰანა არენდტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანულ-ებრაული წარმოშობის ამერიკაში ემიგრირებული ფილოსოფოსია.  მან თავისი გვიანდელი ნაშრომი შექმნა  ნაცისტური რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნის და ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადოლფ აიხმანის პროცესზე დაწერილ სტატიებსა და გაკეთებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით. არენდტი ბუენოს აირესში დაპატიმრებული და ისრაელში გასამართლებული ადოლფ აიხმანის პროცესს ესწრებოდა ნიუ იორკერის ჟურნალისტის რანგში.

ტექსტში ფილოსოფოსი წარმოშობს შემდგომში ფილოსოფიის ისტორიისთვის მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ სიტყვათშეთანხმებას „ბოროტების ბანალურობა“. მის მიერ განხილული პროცესის, აიხმანის აღსაწერად გამოყენებული სიტყვათშეთანხმებისა და ისრაელელების მიერ ნაცისტურ ბანაკებთან თანამშრომლობის შესახებ გაჟღერებული პოზიციების გამო მისი ნაშრომი მალევე იქცა წინააღმდეგობრივ ტექსტად.

1963 წელს გამოცემული ფილოსოფიის ისტორიისთვის საგულისხმო ტექსტი, პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

  1. „მედეა“ – მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი. გამომცემლობა „ინტელექტი“.

ლევან ბერძენიშვილის თარგმანების ახალი კრებული „მედეა“ აერთიანებს ლიტერატურის ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ პერსონაჟზე შექმნილ ტექსტებს, ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე.

თარგმანების კრებულში „მედეა“ მკითხველს საშუალება ექნება, რეტროსპექტიულად გაეცნოს ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი პერსონაჟის შესახებ შექმნილ ტექსტებს. წიგნში შესულია მედეასა და არგონავტების მითისადმი მიძღვნილი ტრაგედიები, პოემები, ოდები და ფრაგმენტები, ჰომეროსიდან – ჟან ანუიმდე.

3. ვირჟინი დეპანტი – „თეორია კინგ კონგი“ – მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე. გამომცემლობა „პოლინომიალი“.

ქართულ ლიტერატურულ სივრცეში გამოჩნდა ახალი გამომცემლობა „პოლინომიალი“, რომელიც გამოსცემს ქართულ ენაზე აქამდე უთარგმნელ ავტორებს. მათ პირველ გამოცემულ წიგნთა შორის არის ვირჟინი დეპანტის ტექსტი „თეორია კინგ კონგი“.

ფრანგი მწერლის ტექსტი, რომელიც ავტობიოგრაფიის, მხატვრული ნაწარმოებისა და თეორიული ნაშრომის ერთობაა, მკითხველისთვის მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვან საკითხებზე დაფიქრების წინაპირობა იქნება; გარიყული, უხილავი ადამიანების და თემების ახლებური ხედვით დანახვისა და ღიად განხილვის საშუალება. პირველ ყოვლისა, მკითხველი განურჩევლად სქესისა, ავტორის სახით აღმოაჩენს თანამოაზრეს ან/და ნუგეშის მიმცემს. დეპანტის შეულამაზებელი, ხშირად სასტიკი, დაუნდობელი, უკომპრომისო და წრფელი თხრობა პირველივე წინადადებითვე ჩაგითრევთ მისი ენის მორევში, რაც არის ბაჩანა ჩაბრაძის გამორჩეული თარგმანის დამსახურება.

  1. ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“. მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი – გამომცემლობა „მელანი“.

ლიტერატურის ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან ტექსტს, თავიდან გამოსცემს გამომცემლობა „მელანი“.

წინა საუკუნის 30-იან წლებში  გამოცემული, ფემინიზმის ისტორიისთვის საკვანძო კრებულში ვირჯინია ვულფი განიხილავს ქალთა უფლებების საკითხს – მათი განათლებაზე ხელმისაწვდომობის, საკუთარი ოთახისა და მატერიალური რესურსის არსებობის მნიშვნელობას ქალ ავტორთათვის.

ვირჯინია ვულფის ტექსტი კვლავაც აქტუალურია ქალი ავტორებისათვის. ამის დასტურია ვირჯინი დეპანტის ტექსტიც; სრულიად განსხვავებული სტილისა და ეპოქის ავტორი, თავის ტექსტში ხშირად იმოწმებს და თავებს ეპიგრაფად ურთავს ციტატებს ვულფის ნაშრომიდან.

  1. ივა ფეზუაშვილი – „მასკარაფონე“ – გამომცემლობა „ინტელექტი“.

ფოტო: Facebook/Dols Photography

რომანების — „ფსკერის სახარება“ და „ბუნკერი“ — შემდეგ, „მასკარაფონე“ არის ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის მესამე ნაწილი. ივა ფეზუაშვილი როგორც წინა ტექსტებში, აქაც აგრძელებს საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე დაკვირვებას.

ეს გზა კი ყდიდანვე იწყება. თორმეტფურცლიანი  რვეულის ყდაზე ნაჯღაბნი წარწერით იწყება უსწორმასწორო, წყვეტილი დაბრუნება მოგონებებსა და უახლეს წარსულთან; ამბავი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც არასდროს ყოფილან ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი