ახალი ამბები

ტერიტორია, სადაც სამუშაოები წარმოებდა, აზერბაიჯანის მხარესაა – დარსალია

25 მაისი, 2019 •
ტერიტორია, სადაც სამუშაოები წარმოებდა, აზერბაიჯანის მხარესაა – დარსალია

“ეს არის ტერიტორია, ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დავითგარეჯას მიმდებარედ აზერბაიჯანის მხრიდან წარმოებული სამუშაოების თანმდევ რეაქციებს.

დარსალიას განცხადებით, აღნიშნული საკითხი საქართველოს მხარემ ბაქოში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მაინც დააყენა.

“მიუხედავად იმისა, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები წარმოებს ქედს მიღმა, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს დელეგაციამ აღნიშნული საკითხი დააყენა და მოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია აზერბაიჯანის მხრიდან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, თავი შევიკავოთ ისეთი ნაბიჯისგან, რომელთაც შეიძლება შექმნას აღქმა, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს-კვო”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

“…საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რაიმე სამუშაოები ან სტატუს-კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი”, – თქვა მან.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სადემილიტაციო კომისიებს მუშაობა მშვიდ, ემოციებისაგან დაცლილ გარემოში უნდა მიეცეთ:

“მაქსიმალურად უნდა მიეცეთ დელიმიტაციის კომისიებს მუშაობის საშუალება. სწორედ ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ მუშაობა, რადგან მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილების მიღებას”.

დღეს დავითგარეჯში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, სამუშაოები არა შეწყვეტილი, არამედ უკვე დასრულებულია.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კი აღნიშნა, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია და აქ რაიმე სახის სამუშაოების წარმოება ხელშეკრულების დარღვევას ნიშნავს.

25 მაისს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა. 

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუწყებოდა, რომ ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ, სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები ადგილზე ერთობლივად დაათვალიერონ ექსპერტების დონეზე.

ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, შეისწავლონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტები და კარტოგრაფიული მასალები და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან.

საგარეო უწყების ცნობით, შეთანხმების თანახმად, კომისიის მორიგი სხდომის ქ. თბილისში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი