ახალი ამბები

25-26 მაისს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

24 მაისი, 2019 •
25-26 მაისს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო 25-26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება.

როგორც დედაქლაქის მერიაში აცხადებენ, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ქუჩის გავლით იმოძრავებს.

გარდა ამისა, მერიაში ამბობენ, რომ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და
კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩა N11-თან დაასრულებენ.

27 მაისიდან რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი