ნიკა გვარამიას ინფორმაციით, შსს-მ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანა მანქანა, სადაც ტექნიკა და აპარატურა ჰქონდათ. ოპოზიციის ალიანსი აპირებდა, ეს ტექნიკა პარლამენტამდე მიეტანა, რათა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის დაწყებამდე სცენის აწყობა და დამონტაჟება მოესწროთ. თუმცა პოლიციამ მათ განუმარტა, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ.

ოპოზიციის ალიანსმა აპარატურა რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 14:00 საათზე მიტანა. საუბარია ხმის გამაძლიერებლებზე, ეკრანებზე, სცენის კონსტრუქციაზე და სხვა ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა მათ განუმარტა, რომ არ ჰქონდათ ტექნიკის შეტანის უფლება ტერიტორიაზე. ოპოზიციის ლიდერებმა მათ უთხრეს, რომ განცხადება აქვთ დაწერილი შსს-ს სახელზე, რის შემდეგაც პოლიციის უფროსი მათ ინფორმაციის გადამოწმებას დაჰპირდა და მოუწოდა, სატვირთო დროებით გაეყვანათ ტერიტორიიდან.

ამ დიალოგიდან დაახლოებით 2 საათში გოგა მემანიშვილი კვლავ დაბრუნდა ადგილზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ტექნიკის პარლამენტთან ვერ მიიტანდნენ. მემანიშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის პირველი განცხადება შსს-მ დაახარვეზა. ამის შემდეგ, გუშინ, ოპოზიციამ ხელახალი განცხადება შეიტანა უწყებაში, თუმცა უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ. მემანიშვილი ამბობს, რომ თუ პასუხი არ არის, ე.ი. არ არის ნებართვა, ამიტომ ტექნიკას პარლამენტთან ვერ შეიტანენ.

“რამდენიმე დღის წინ შემოიტანეს განცხადება, დახარვეზდა ეს განცხადება, პასუხი ეცნობათ. დააკორექტირეს ეს განცხადება და შემოიტანეს ისევ. ოღონდ, შემოიტანეს გუშინ. 5-დღიანი განხილვის ვადა აქვს [შსს-ს], შესაბამისად … მათთვის ეს ცნობილი იყო. ორი თვით ადრე დააანონსეს აქცია და შეეძლოთ [უფრო ადრე შემოეტანათ განცხადება]”, – განმარტა ჟურნალისტებთან თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა.

კითხვაზე, 5 დღით ადრე რომ შემოეტანათ განცხადება, შეიტანდნენ თუ არა ნებართვას, მემანიშვილმა უპასუხა რომ “პასუხს მიიღებდნენ”. ეს პასუხი, ცხადია, ნებართვაზე უარიც შეიძლება ყოფილიყო.

“ტყუილია, რომ დავაგვიანეთ [მიმართვა]. მანამდე შეტანილზე როცა გაგვცეს პასუხი, მერე შევიტანეთ, მაგრამ ლეგალისტურ კამათებში არ შევალ. სავსებით შესაძლებელია, ხალხის მოძრაობის პირობებშიც ტექნიკა შევიდეს და დადგეს. შევიტანთ და დავაყენებთ. ჩხუბს და დაპირისპირებას არ ვაპირებთ. აქ ვიქნებით ჩვენც. ამ სასტუმროში საერთაშორისო დელეგაციები არიან და უარი გვითხრან მათ თვალწინ. ესეც პასუხი იქნება ჩვენთვის”, – თქვა პარტია “ახალის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ის, რომ დაინახონ, ლეგიტიმაციის რამხელა პრობლემა აქვს რეჟიმს, ათასობით ადამიანი რომ მოვა, ხმის ამოღების შესაძლებლობას არ გვაძლევთ”, – უთხრა გოგა მემანიშვილს თამარა ჩერგოლეიშვილმა, პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ შესაბამის ტექნიკას მაინც მიიტანენ პარლამენტამდე. თუმცა, ამავე დროს, ირწმუნება, რომ “არ მოხდება არანაირი შეხლა-შემოხლა”.

ოპოზიციის ალიანსის დაანონსებული აქცია 19:00 საათზე დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შემდე კი მსვლელობით წავლენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც დაგეგმილია სცენის დამონტაჟება და სიტყვით მიმართვები.