ახალი ამბები

პრემიერი: ვიზიარებ მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნებს

23 მაისი, 2019 •
პრემიერი: ვიზიარებ მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, იზიარებს ჭიათურელი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის: შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება და სხვა საკითხები.

პრემიერის განცხადებით, ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და ისურვებს, რომ დროულად ჩამოყალიბდნენ მხარეები მისაღებ შედეგებზე:

ვიცი, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად, დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

ჭიათურის მაღაროელები მერვე დღეა გაფიცულები არიან. მათი ნაწილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. როგორც ერთ-ერთი გაფიცულმა დასაქმებულმა, ლალი ხვედელიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რამდენიმე მაღაროელმა პირიც ამოიკერა.

მაღაროელები კომპანიას ხელფასის 50%-ით გაზრდას სთხოვენ, რასაც დამსაქმებელი არ თანხმდება. ჯორჯიან მანგანეზი დასაქმებულებს ხელფასის 15%-ით გაზრდას ახლავე სთავაზობს, ხოლო მომდევნო წლიდან- კიდევ 10%-ით, ანუ, ჯამში, 30%-ით. კომპანიის შეთავაზება გაფიცული მაღაროელებისთვის მიუღებელია და აგრძელებენ პროტესტის უკიდურეს ფორმას.

გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ მათი ხელფასების შესახებ სხვადასხვა მედიებით არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, თითქოს 1200 ლარი ან უფრო მეტი ხელფასი აქვთ. მათი განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და სთხოვენ მედიაორგანიზაციებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში.

  • მაღაროს საბაგიროს თანამშრომელი, ლალი ხვედელიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პირადად მისი ხელფასი თვეში 280-დან 300 ლარამდეა.

შპს ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ. კომპანიის განცხადებით, მიმართავენ სამართალდამცველებს და დავას სასამართლოში განაგრძობენ.

ჯორჯიან მანგანეზის ფინანსური დირექტორი, მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ თუ ჭიათურაში გაფიცვა ორშაბათამდე არ შეწყდება, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუშაობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ნედლეულს ვერ აწვდიან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობენ შრომითი უფლებების დარღვევის პრაქტიკას ჯორჯიან მანგანეზში. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ კომპანიას, გაითვალისწინონ გაფიცულთა მოთხოვნები და პატივი სცენ მათ შრომას.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში

მასალების გადაბეჭდვის წესი