ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მე-8 დღეა მიმდინარეობს. დასაქმებულები “ჯორჯიან მანგანეზისგან” ხელფასების მომატებას ითხოვენ.
“ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი, მერაბ ლომინაძე აცხადებს, რომ თუ ჭიათურაში გაფიცვა ორშაბათამდე არ შეწყდება, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მუშაობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან ნედლეულს ვერ აწვდიან.
ლომინაძის თქმით, ამჟამად “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელი კომბინანტი სრულად პარალიზებულია და გაფიცულია 3200-მდე ადამიანი.
კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, გაფიცვის შედეგად კომპანია ყოველდღიურად დაახლოებით მილიონი ლარით ზარალდება.
“ნეტგაზეთმა” კიდევ ერთხელ ჰკითხა კომპანიის წარმომადგენელს, რაზე დაყრდნობით განაცხადა 17 მაისს, ჭიათურის მერის არჩევენბამდე ორი დღით ადრე, “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ კომპანია დასაქმბულების ყველა მოთხოვნას შეასრულებდა და იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ ხელფასის 50-პროცენტიანი მატების შესახებ დასაქმებულების მოთხოვნას კომპანია არაადეკვატურად მიიჩნევს.
ამ კითხვის საპასუხოდ მერაბ ლომინაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრაზე მათ მზაობა გამოთქვეს გაფიცულების მოთხოვნების შესრულებაზე, მათ შორის სახელფასო პოლიტიკის გადახედვაზეც, თუმცა არ უსაუბრიათ კონკრეტულ რიცხვებზე:
“ჩვენ რეალურად შევასრულეთ უკლებლივ ყველა მოთხოვნა, რომელიც გაფიცულების მიერ იქნა დაყენებული, გარდა ხელფასების ზრდისა. როდესაც საუბარია არაადეკვატურ ზრდაზე, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ რეალობას, იმაზე ძალიან ძნელია დათანხმება.
მათ შორის, ჩვენ თანახმა ვიყავით გადაგვეხედა სახელფასო ფონდისთვის ჩვენი თანამშრომლების და დღესაც თანახმა ვართ ეს გავაკეთოთ, თუმცა ეს უნდა იყოს ადეკვატური”.
“თქვენ თვლით, რომ ერთი დღე საკმარისია იმისათვის, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება ათეულობით მილიონ ლართან დაკავშირებით ისე, რომ არ ჩავიხედოთ და დეტალებში არ გავერკვიოთ?! შესაბამისად, ჩვენ განვაცხადეთ მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ შევსულიყავით დიალოგში, დაგვეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა რომელიც იყო, მათ შორის ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით”, – ამბობს “ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური დირექტორი.
შპს ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ. კომპანიის განცხადებით, მიმართავენ სამართალდამცველებს და დავას სასამართლოში განაგრძობენ.
როგორც კომპანია აცხადებს, კანონით დადგენილია, რომ კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ან მედიაციის გზით. შპს ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, არაერთხელ სცადეს და მოუწოდეს თანამშრომლებს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ, თუმცა დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისათვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც კი უარი განაცხადეს.
რაც შეეხებათ დასაქმებულებს, ისინი თავდაპირველად ხელფასების 50%-იან ზრდას ითხოვდენ, მათმა ნაწილმა ჭიათურის ცენტრში შიმშილობაც დაიწყო. კომპანიამ დასაქმებულებს გუშინ ხელფასების 25-პროცენტიანი მატება შესთავაზა, თუმცა მათ თქმით, ეს ეტაპობრივად მოხდება, რაზეც დასაქმებულები არ დათანხმდნენ.
ამავე თემაზე:
მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში