ახალი ამბებისაზოგადოება

მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში

11 ივნისი, 2018 • 14950
მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში

ლალი ხვედელიძე და გუგული ცუცქირიძე ჭიათურაში ცხოვრობენ, ორივე “ჯორჯიან მანგანეზში” მუშაობს და შრომის პირობების გამო ორივე მათგანი ორშაბათს, 4 ივნისს გეგმავდა გაფიცვას. გაფიცვა არ შედგა. ისევე როგორც “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული სხვა ადამიანები, ლალი და გუგული ხელფასის 10%-იან ზრდას დათანხმდნენ მოთხოვნილი 30%-იანი ზრდის ნაცვლად. ამიერიდან ლალიც და გუგულიც ყოველთვიურად 26 ლარით მეტს მიიღებენ.

ლალი ხვედელიძე 14 წელია საბაგირო გზის სიგნალისტია. “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებულებსაც ემსახურება და  ჭიათურაში მაცხოვრებლებსაც. შეთავსებული აქვს დამლაგებლის პროფესიაც, რისთვისაც ანაზღაურებას არ იღებს:

“მარტო იმ ოთახს კი არ ვალაგებ, სადაც ვზივარ, დარბაზსაც, სადაც ხალხი შემოდის და შენობის გარშემო ტერიტორიასაც. ვხვეტ, ვწმენდ”, – გვეუბნება ლალი.

ლალი ხვედელიძე ფოტო: მარიამ ნიკურაძე

შესრულებულ სამუშაოში ლალი დღიურად 11 ლარს იღებს, თვეში კი- 260 ლარს. 10%-იანი მატების შემდეგ ივნისიდან ლალიმ 286 ლარი უნდა აიღოს.

“ჩვენთან არის ორი საბაგირო – სატვირთო და სახალხო. ხელფასი განსხვავებულია 10 ლარით, მაგრამ მაინც არის სხვაობა. ეკუთვნით მათაც, მაგრამ ჩვენ ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს შეხება და გამოდის, ქვა უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანი”.

ჭიათურაში შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც უნივერსიტეტი თბილისში ახლახან დაამთავრა და კვლავ ჭიათურაში დაბრუნდა. ლალის შვილიც დასაქმებულია, ბანკის ფილიალში მუშაობს, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 400 ლარია. მათთან ერთად ცხოვრობს ლალის შვილიშვილიც, რომელიც წელს სკოლაში მიდის. სამსულიანი ოჯახის შემოსავალი, ჯამში, 660 ლარია.

“სამსახურთან ახლოს ვცხოვრობ, ტრანსპორტის ფული არ მეხარჯება. რაღაცების შეძენა და ამ ხელფასების განაწილება რთულია. როცა ასეთი მდიდარია ეს კუთხე, მისი მოსახლეობა ასეთი ღარიბი ნამდვილად არ უნდა იყოს. მათხოვრულ ხელფასებზე არ უნდა მუშაობდეს ხალხი და იმას არ ფიქრობდეს, თვიდან თვემდე როგორ გაიტანოს თავი. ჩვენთვის არაფერი იცვლება”, – გვეუბნება ლალი.

გუგული ცუცქირიძე ითხვისის მაღაროში ექთნად მუშაობს. თავად გვიყვება, რომ ექთნის საჭიროება ხშირია, რადგან დიდი დაზიანებების გარდა, რაც ხმაურდება, ხშირია პატარა დაზინებები, როგორიცაა ხელისა და ფეხის მცირე დაზიანება, უცხო სხეულის მოხვედრა, ტემპერატურა. ლალის მსგავსად, მასაც უწევს აუნაზღაურებლად დამატებითი სამუშაოს შესრულება. ექთნობასთან ერთად გუგული სანიტრობასაც ითავსებს და მშრალი ულუფის გამცემიცაა. ალაგებს როგორც ოთახებს, ისე – სველ წერტილებსაც.

მისივე თქმით, იმ ადგილებზე, სადაც ქალები მუშაობენ, ყველაზე დაბალი ხელფასებია:

“ქალები ვართ შემტევები, ვერ გვიმორჩილებენ.  ძალიან ადვილად იმორჩილებენ კაცების უმრავლესობას. ძალიან ბევრმა ქალმა დატოვა სამსახური და საზღვარგარეთ წავიდა. ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ქალია დასაქმებული ახლა. დაბალი ხელფასით ავიწროებენ და იმ საქმეების დავალებით, რაც არ შედის მათ მოვალეობაში. მარტო დამლაგებლად უნდათ ქალები”.

ხელფასსაც ზუსტად გვეუბნება. გამოწერით 258 ლარი და 94 თეთრი ეკუთვნის, დაქვითვის შემდეგ კი 204 ლარსა და 57 თეთრს იღებს. მატების შემდეგ მისი ხელფასი 20 ლარითა და 40 თეთრით უნდა გაიზარდოს. 

გუგული ცუცქირიძე ფოტო: მარიამ ნიკურაძე

გუგული ცუცქირიძე ორ შვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობს, მის გარდა ოჯახში დასაქმებული არავინაა, უფროსი შვილი წელს ამთავრებს ქორეოგრაფიულს, რძალიც სტუდენტია, ხოლო უმცროსი შვილი სკოლას ამთავრებს. ოთხსულიანი ოჯახის შემოსავალი 204 ლარია, რომელსაც სოციალური დახმარების სახით 100 ლარი ემატება.

გუგულის ქმარი პროფესიით ხარატია, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების გამო ვერ მუშაობს, 94 წლის დედასთან ერთად სოფელში ცხოვრობს და მას უვლის:

“90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე სახლში ვაცხობ პურს, რადგან პურის ყიდვის საშუალება არ მაქვს. შარშან ექიმთან ვიყავი ზესტაფონში. ჰაერის უკმარისობა მქონდა. ექიმმა წამალი გამომიწერა, ერთი წელია რეცეპტი ჩანთით დამაქვს. ლარი არ მრჩება ხელფასიდან, რომ ვიყიდო. ბავშვისთვის სასექტემბროდ “ნისიად” ვყიდულობ ტანსაცმელს და აგვისტოში ვისტუმრებ. იცის იმ კაცმა, რომ გვისტომდე ფულს ვერ მივუტან”, – გვიყვება გუგული.

რას ითხოვდნენ დასაქმებულები

“ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლების გაფიცვა ორშაბათს უნდა დაწყებულიყო, თუმცა დილით ადრე კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაფიცვა აღარ შედგებოდა:

რას ითხოვდნენ დასაქმებულები:

[checklist]

  • დასაქმებულებისთვის 30%-იანი ხელფასის მატება;
  • ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ადამიანებს მივლინებად ჩაეთვალოთ თითო სამუშაო დღე და ყოველ სამუშაო დღეზე დაემატოთ 10 ლარი;
  • შრომის კონტრაქტების გადახედვა;
  • გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულება;
  • აღმოიფხვრას გასახდელებთან, საშხაპეებთან და მოსასვენებლ ოთახებთან დაკავშირებული ულუფები;
  • გაზარდოს საკვებისა და მშრალი ულუფის ღირებულება.

[/checklist]

ლალი და გუგული დასაქმებულების მოთხოვნებს დეტალურად გვიხსნიან. მაგალითად, გუგული რომელიც ულუფის გამცემია, ამბობს, რომ ულუფაში შედის არაჟანი, სოსისი, ცალკეა ტკბილეული (ფუნთუშა ან კექსი) და წყალი. ვინც მარხულობს, მას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ არაჟანი და სოსისი არ მიაქვს, კექსს და ფუნთუშასაც არ ჭამს, რადგან არ იცის, შეიცავს თუ არა კვერცხს. შესაბამისად, მხოლოდ პური და წყალი მიაქვს. ზოგიერთი მათგანი გუგულის სთხოვს, რომ დატოვებული სოსისი და არაჟანი წყალში გაუცვალოს, რადგან ძალიან მცირე ოდენობის, ნახევარი ლიტრი წყალია გათვალისწინებული მაღაროში მომუშავეებისთვის:

“გუგული დეიდა, დაგვიმატე წყალი” – მეხვეწებიან მთასავით ბიჭები და მერიდება. იმას რომ დავუმატო, მერე სხვა დარჩება უწყლოდ. 8 საათში ეკუთვნით ნახევარი ლიტრი წყალი. მაღაროში  სამ ლიტრ ოფლს ღვრის მარტო, ნახევარი ლიტრა წყალი რაში უნდა ეყოს?! ერთი ბიჭი, რომელიც მარხულობს, სულ მეუბნება – არ მინდა არაჟანი და ძეხვი, წყალში გამიცვალეო. შეგეცოდებიან, ისეთ მდგომარეობაში არიან. სულ წყალზე მაქვს ჩხუბი. შემაძულა სამსახურში მისვლა, რომ წყლის გამო უნდა ვეჩხუბო მთასავით კაცებს”, – ამბობს გუგული.

მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულებს პრობლემები თითქმის ყველა მიმართულებით აქვთ, მხოლოდ ხელფასის, ისიც 10%-იან მატებას მაინც დათანხმდნენ. ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა მახარაძეს, ჭიათურაში, პროფკავშირის ოფისში ვხვდებით. გვეუბნება, რომ 3 ღამეა არ უძინია მოლაპარაკებების გამო და გვთხოვს, რომ მალე მოვრჩეთ ინტერვიუს, გამოძინება რომ შეძლოს.

ლალი ხვედელიძე და გუგული ცუცქირიძე ფოტო: მარიამ ნიკურაძე

როგორც თავად გვიხსნის, გაფიცვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მძიმე იყო, რომელშიც სახელმწიფო მედიატორი იყო ჩართული. კომპანია ხან 5%-იან  მატებაზე ცდილობდა მათ დათანხმებას, ხან 10%-ზე. პაატა მახარაძეს ვკითხეთ, რატომ დათანხმდნენ 10%-იან მატებას, როცა თავდაპირველად 30%-ს ითხოვდნენ:

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობით უფრო მეტ სარგებლობას მოვუტანთ მაღაროელებს, ვიდრე გაჯიუტებით. კარგია, როცა სახელმწიფოს წარმომადგენელი ერევა დავაში და ცდილობს, მოაგვაროს. განცდა აქვს დასაქმებულს, რომ სახელმწიფო ცდილობს მათი პრობლემების მოგვარებას. ცდილობს პოზიციების დაახლოებას. ნაწილობრივ რაღაცები ნელ–ნელა წყდება”,- ამბობს პაატა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თავად კომპანიასაც, რომელსაც ვკითხეთ, თუ რატომ არ შეასრულა კომპანიამ დასაქმებულების თავდაპირველი მოთხოვნა 30%-იან ზრდასთან დაკავშირებით და რა თანხით გაიზრდება კომპანიის ხარჯი ხელფასების 10%-იანი ზრდის პირობებში. კომპანიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ 10%-იანი მატების პირობებში მათი ხარჯების ზრდას დაითვლიან და თავად გახდიან საჯაროს, თუ კვლავ დარჩება შეკითხვები, შემდეგ გვიპასუხებენ.

ცნობისათვის, საქსტატის ინფორმაციით, “ჯორჯიან მანგანეზი” იმ 10 კომპანიას შორისაა, ვისაც 2017 წელს საქართველოში ყველაზე მაღალი ბრუნვა ჰქონდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შ. პ. ს ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია, რომელიც  ლუქსემბურგშია რეგისტრირებული. კომაპანია მაღალი და საშუალო ხარისხის სილიკომანგანეზს აწარმოებს, რომელსაც შვიდ საბადოსა და რვა კარიერზე მოიპოვებს.

“ჯორჯიან მანგანეზში” უკვე ერთი წელია სპეციალური მმართველია დანიშნული, გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ სასამართლოს თანხმობით მიიღო. სამინისტრო მიიჩნევდა, რომ კომპანია საწარმოო საქმიანობის გამო ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფას ვითარებას ქმნიდა.

2016 წელს სასამართლომ “ჯორჯიან მანგანეზი” 200 მილიონი ლარით დააჯარიმა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კერძო კომპანიის დაჯარიმების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

24 საათი სამუშაო სივრცეში – გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა

ბერიკა ბოყოველი მიწისქვეშა მტვირთავის მემანქანეა, მას გვირაბიდან გამოაქვს მოპოვებული მადანი. ბერიკა 2 წელია ვახტურ რეჟიმზე მუშაობს. ვახტური რეჟიმი ნიშნავს, რომ თვეში 15 დღის განმავლობაში მუშაობ, დანარჩენ დროს კი სამუშაოსგან თავისუფალი ხარ. თუმცა ის 15 დღე, როდესაც დასაქმებული ხარ, სამსახურიდან სახლში წასვლა არ შეგიძლია. როდესაც სამუშაო საათები სრულდება, კომპანია არის პასუხისმგებელი თანამშრომლების ტრანსპორტირებაზე და ისინი მათთვის მოწყობილ საცხოვრებლებში გადაჰყავთ, ასევე კომპანია არის პასუხისმგებელი მათ კვებაზე.

ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ვახტური რეჟიმის მუშაობის პრაქტიკა კომუნისტების დროსაც არსებობდა და ეს იმ ადამიანებისთვის იყო მოსახერხებელი, ვინც მოშორებულ სოფლებში ცხოვრობდა და იქიდან უწევდა სიარული სამუშაოს შესასრულებლად.

ბერიკა გვეუბნება, რომ საშუალო დონის კვებაა, ერთმანეთს ენაცვლება წვნიანი, ჩაი, კარაქი, კატლეტი. მშივრები არ ვართ, ერთი სიტყვით – ამბობს ბერიკა, თუმცა ურჩევნია, რომ სახლში წასვლის შესაძლებლობა ჰქონდეს:

“ჭიათურაში როცა ცხოვრობ, თავად ქალაქში, რატომ უნდა დავრჩე იქ, როცა შემიძლია ჩემს ოჯახში წამოვიდე და დავისვენო. როცა აგერ ვარ, ყურის ძირში, რატომ უნდა დავრჩე იქ? შემიძლია ჩემს ოჯახში მოვიდე და გავათიო ღამე, სულ არ მინდა მაგათი არც საჭმელი და არაფერი, ჩემს სახლში მოვალ და შევჭამ”, – ამბობს ბერიკა.

EMC-ის იურისტი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ კომპანია თანამშრომლებს რამდენიმე უფლებით სარგებლობას უზღუდავს – გადაადგილების თავისუფლებას და პირადი და ოჯახური ცხოვრებით სარგებლობის უფლებას:

“მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის კომპანიის დასაბუთება და არის თუ არა ეს დასაბუთება იმდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი საწარმოო პროცესისთვის, რომ ამ უფლების შეზღუდვა იყოს გამართლებული, თეორიულადაც კი ძნელია წარმოვიდგინოთ არგუმენტი, რაც სამუშაო სპეციფიკით დაასაბუთებდა ამგვარი შეზღუდვის აუცილებლობას”,- ამბობს ლინა ღვინიანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჭიათურაში ადამიანები ამბობენ, რომ ამ პრინციპით მუშაობა კომპანიისთვის ხელსაყრელია, რადგან აკონტროლებს დასაქმებულის ცხოვრებას. მაგალითად, შესაძლოა, მათს მიერ დასაქმებულ ადამიანთან საღამოს სახლში სტუმარი მივიდეს, ალკოჰოლი მიიღოს და მეორე დღეს ნაბახუსევი იყოს:

“აქ გარკვეული რეჟიმია, რომელიც თვითონ კომპანიას აწყობს. გარედან როცა ხალხი შედის, წინა დღით შეიძლება ან სტუმარი მოგივიდეს, ან ვინმე, ოჯახის შვილები ვართ ყველა, მეორე დღით შეიძლება  ნაბახუსევზე იყო” – ამბობს ბერიკა.

ნეტგაზეთმა შეკითხვა კომპანიასაც დაუსვა, რათა აეხსნათ ამ რეჟიმის აუცილებლობა. შეკითხვაზე გვიპასუხეს, რომ თანამშრომლებს ასვენებენ:

“რას ჰქვია, რატომ ვთავაზობთ? – ინტერესი გვაქვს, შრომის ნაყოფიერების ამაღლება და დასაქმებულების მეტი დასვენება, წელიწადში 6 თვეზე მეტს ისვენებენ”, – აცხადებენ კომპანიაში.

ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დრო, როდესაც დასაქმებულები უშუალოდ არ მუშაობენ და საწარმოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რეალურად მათ არ ეკუთვნით და ისე ვერ ატარებენ, როგორც სურთ. შესაბამისად, ეს არ არის თავისუფალი დრო და ამიტომ დამატებით ანაზღაურებას უნდა იღებდნენ, რაც არ ხდება.

როდესაც დასაქმებულები გაფიცვას აპირებდნენ, გეგმავდნენ, რომ ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ადამიანებისთვის მოეთხოვათ, მივლინებად ჩაეთვალათ თითო სამუშაო დღე და ყოველ სამუშაო დღეზე 10 ლარი დამატებოდათ, რაც არ შესრულდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვახტურ რეჟიმზე მუშაობას დასაქმებულებს არავინ აიძულებთ და შეუძლიათ 7- საათიან რეჟიმზე იმუშაონ. როგორც ბერიკა ბოყოველი გვეუბნება, ეს არჩევანი რომ გაეკეთებინა, მაშინ ე.წ. ძველ მაღაროზე უნდა წასულიყო სამუშაოდ, სადაც ინფრასტრუქტურაც ძველია და 7 საათის ნაცვლად 12 საათს უწევდათ ყოფნა, რადგან კომპანია მხოლოდ მიწისქვეშ გატარებულ დროს უთვლის სამუშაო საათებად. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, ახალ მაღაროზე ემუშავა ვახტური რეჟიმით, დანარჩენ 15 დღეს კი თავისუფალია.

ბერიკა ბოყოველის ხელფასი 888 ლარია, ღამის ცვლაში მუშაობისთვის დამატებით 118 ლარს მიიღებს. ეს “ჯორჯიან მანგანეზში” ყველაზე მაღალ ხელფასად ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი