გაითვალისწინეთ გაფიცულთა მოთხოვნები, პატივი ეცით მათ შრომას — EMC და საია „მანგანეზს“

არასამთავრობო ორგანიზაციები, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) აცხადებენ, რომ გმობენ შრომითი უფლებების დარღვევის პრაქტიკას „ჯორჯიან მანგანეზში“, — კომპანიაში, რომელიც ჭიათურელი მაღაროელების დამსაქმებელია.

ისინი კომპანიას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს გაფიცულების მოთხოვნები და პატივი სცეს დასაქმებულების შრომით უფლებებს, სახელმწიფოს კი შრომის ინსპექციის მანდატის სწრაფად გაფართოებას სთხოვენ.

ორგანიზაციების თანახმად, შრომითი უფლებების დარღვევის პრაქტიკის არსებობას ადასტურებს „ჭიათურაში შრომითი სიტუაციის შესახებ ჩატარებული კვლევები, გაფიცვის მონაწილეების ჩვენებები, ისევე როგორც მიმდინარე გაფიცვის სპონტანური ხასიათი“.

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზში“ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე დასაქმებული მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ.

როგორც EMC წერს, გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა აღნიშნულ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო. თუმცა მალევე, მას შემდეგ, რაც გაფიცულებს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მოთხოვნები შეიცვალა: ახლა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა.

ორგანიზაციების ცნობითვე, ისინი ითხოვენ 1) სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას 2) მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას და 3) გარანტიებს, რომ შეთანხმების შემდეგ გაფიცულების მიმართ კომპანია დისციპლინარულ ღონისძიებებს არ გაატარებს.

EMC-ისა და საიას ინფორმაციით, ამ მოთხოვნებით 15 მაღაროელი მერიასთან გაშლილ კარვებში მე-7 დღეა შიმშილობს, 22 მაისის ღამეს კი, მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოშიმშილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ორგანიზაციები მიუთითებენ მაღაროებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ, მათი შეფასებით, მძიმე მდგომარეობაზე:

„ასევე, ხშირია საწარმოს მხრიდან შესვენების, დასვენების, ბიულეტენის, ზეგანაკვეთური შრომის წესების დარღვევის ფაქტები და შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებელი ვალდებულებების გარდა, დასაქმებულებისთვის დამატებითი სამუშაოს მიცემის პრაქტიკა“, — წერენ EMC და საია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ორგანიზაციები „ჯორჯიან მანგანეზს“ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და პატივი სცეს დასაქმებულების შრომით უფლებებს და შრომის კანონმდებლობას; მოუწოდებენ, თავი შეიკავოს დასაქმებულებზე ზეწოლისგან, სასამართლოსა და სამართალდამცავების ჩართულობაზე აპელირებით.

სახელმწიფოს კი მოუწოდებენ, „უზრუნველყოს საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესებისა და შრომითი უფლებების დაცვა და ამავე დროს, იყოს გარანტი დასაქმებულების უფლებისა, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის“.

„მიმდინარე გაფიცვა ასევე აჩვენებს შრომის კანონმდებლობის ხარვეზებსაც. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გაზარდოს შრომის ინსპექციის მანდატი და დაავალოს შრომითი უფლებების დაცვის ზედამხედველობა, რაც შრომითი უფლებების გარანტირებისთვის ეფექტიან მექანიზმს შექმნის“, — წერია 23 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ ასევე:

თუ ჭიათურაში გაფიცვა ორშაბათამდე არ შეწყდება, ზესტაფონის “ფერო” გაჩერდება – “მანგანეზი”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com