ახალი ამბებისამართალი

გაფიცვა არაკანონიერია, მივმართავთ სასამართლოს – ჯორჯიან მანგანეზი

22 მაისი, 2019 •
გაფიცვა არაკანონიერია, მივმართავთ სასამართლოს – ჯორჯიან მანგანეზი

შპს ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ. კომპანიის განცხადებით, მიმართავენ სამართალდამცველებს და დავას სასამართლოში განაგრძობენ.

როგორც კომპანია აცხადებს, კანონით დადგენილია, რომ კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ან მედიაციის გზით. შპს ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, არაერთხელ სცადეს და მოუწოდეს თანამშრომლებს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ, თუმცა დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისათვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც კი უარი განაცხადეს.

“დავის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაინიშნა მედიაცია და გამოიგზავნა მედიატორი, თუმცაღა, დასაქმებულებმა ასევე უარი თქვეს მედიაციაში მონაწილეობასა თუ მედიატორთან თანამშრომლობაზე და არც მედიატორთან თანამშრომლობისათვის გამოყვეს წარმომადგენლები.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების საჭიროებასა და, ზოგადად, პროცესების კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოში წარმართვაზე დასაქმებულებს მუდმივად ესაუბრებოდა სხვადასხვა უწყება, მათ შორის – მედიატორი, დასაქმებულების მიერ არ მომხდარა არცერთი გაფრთხილების გათვალისწინება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოლაპარაკებებსა და მედიაციისათვის თავის არიდება გაფიცვის დროს არის უკანონო. წარმომადგენელთა არგამოყოფა განიხილება, როგორც მიზანმიმართული მოქმედება, რათა იმთავითვე არ მოხდეს დავის დარეგულირება მოლაპარაკებების ფორმატში”, – აცხადებს შპს ჯორჯიან მანგანეზი.

  • საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სამხარაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გაფიცვა პროფკავშირის ორგანიზებული არ არის, ხოლო გაფიცული თანამშრომლების ნაწილი ითხოვდა, პროფკავშირი არ ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ შესაძლოა შედგეს დასაქმებულებისა და პროფკავშირის თანამშრომლობა.

“ეს გაფიცვა არ არის პროფკავშირის ორგანიზებული. დასაქმებულები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ გაფიცვას, ძირითადად ითხოვდნენ, რომ პროფკავშირი ამ საქმეებში არ ჩართულიყო და თვითონ მიხედავდნენ ყველაფერს. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ნიშნები გამოიკვეთა, რომ შესაძლოა გარკვეული შეთანხმება შედგეს პროფკავშირსა და დასაქმებულებს შორის. ვცდილობთ, რომ შესაძლებლობა გაჩნდეს, სამართლებრივად ნორმალურ და კანონიერ ფარგლებში მოვაქციოთ ეს ყველაფერი. ამაზე გავდივართ ახლა კონსულტაციებს ჩვენს იურისტებთან. ჩვენ აქამდეც გვქონდა მათთან კომუნიკაცია, მაგრამ, უბრალოდ, გვითხრეს – თუ შესაძლებელი იქნებოდა, იურისტებთან სამართლებრივად ყვლაფერი გაგვერკვია. ახლა ვცდილობთ გარკვევას და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ბოლომდე შედგება ამ დასაქმებულებთან… როგორღაც იქნებ გამოვიდეთ, კანონის ფარგლებში მოვაქციოთ ყველაფერი და სამართლებრივად სწორი მიმართულება მივცეთ”, – უთხრა ნეტაზეთს პაატა სამხარაძემ.

როგორც პაატა სამხარაძე ამბობს, გაფიცული დასაქმებულები ითხოვდნენ ხელფასის 30%-ით ზრდას, რის შემდეგაც გააგრძელებდნენ მუშაობას, თუმცა 30% კატეგორიულად მიუღებელი იყო დამსაქმებლისათვის.

ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელები უკვე მე-7 დღეა გაფიცული არიან. დასაქმებულები ჯორჯიან მანგანეზისგან ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ. გაფიცვის პარალელურად, შიმშილობას აგრძელებს 15-მდე დასაქმებული. მათ ქალაქის ცენტრში კარვები აქვთ გაშლილი.

ადგილობრივი პროფკავშირის ინფორმაციით, კომპანია კატეგორიულად გამორიცხავს ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას, თუმცა მზადაა 25-პროცენტიან ზრდაზე, რასაც დასაქმებულები არ თანხმდებიან.

მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში

მასალების გადაბეჭდვის წესი