NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 17% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 14% – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 3%- “ევროპულ საქართველოს” და 3% – “პატრიოტთა ალიანსს”.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა – 27% აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს. 16%-მა თქვა, რომ არცერთ პარტიას მისცემდა ხმას, 12%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას.
კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: არცერთი პარტია – 37%, “ქართული ოცნება” – 21%, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 15%, “ევროპული საქართველო” – 4%, “პატრიოტთა ალიანსი” – 3%. 6-6%-მა არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.