ახალი ამბები

პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო

31 ოქტომბერი, 2014 • • 1668
პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო

“ჩვენს საზოგადოებაში არის მტკიცე კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხზე პოზიცია უნდა იქნას ჩამოყალიბებული და ჩვენ უნდა გადავიდეთ თანამედროვე, დემოკრატიულ ფორმაზე სპეცსამსახურების ფუნქციონირების.

 

მე დავიბადე საბჭოთა კავშრში, სადაც მე ვიცოდი, რომ ჩვენ გვისმენდა КГБ და ამით გავიზარდეთ. შემდეგ მე ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა აიღო უკანონო მოსმენები და შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 წლისთავზე ჩვენ იმაზე, რაზეც მთელი საზოგადოება ჩამოყალიბებულია და არსებობს კონსესუსი, ჩვენ ეს კონსესუსი უნდა დავაყენოთ კანონის ფორმაში.

 

მე მივესალმები იმ ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც თავიდანვე ძალიან აქტიური იყო. ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელსვე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და მე მივესალმები იმ კანონს, რომელიც მიღებულ იქნა აგვისტოში. თუმცა ბევრი დეტალი ამ კანონისა არ დარეგულირებულა, უმნიშვნელოვანესი თემები გადაიდო და ეს თემები გადაიდო დღევანდელი დღისთვის. ამ გადადებას მოჰყვა კიდევ ერთხელ 1 ნოემბრიდან გადადება კიდევ რაღაც დროით. ეს ტენდენცია არ არის პირველი, სამწუხაროდ, ჩვენს ახალ პარლამენტში და მე მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია უნდა ბევრად უფრო გონივრულ რეჟიმში იქნას გადატანილი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომელზეც არის სრული კონსესუსი საზოგადოებაშიც, მე დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ელიტაშიც და, შესაბამისად, ის კანონები, რაც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ დაცულობას, უნდა უსწრაფეს ვადაში იქნას მიღებული.

ამდენად, მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი – აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, კრიმინოგენული საკითხების გადალახვა ხდება საზოგადოების მაქსიმალური ნდობით და ჩართულობით. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯი, უნდა კიდევ ერთხელ ჩავრთოთ საზოგადოება აქტიურ დიალოგში და ამითი გადაიჭრება ყველს ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. შესაბამისად, მე ამ არგუმენტაციით ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.


არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც ფარული მიყურადების კანონდმებლობაზე უკვე ორი წელია მუშაობენ და ითხოვენ ე.წ. გასაღების შსს-ს სისტემიდან გარეთ გატანას, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდეს ვეტოს გამოყენებისკენ.

 

როგორ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თათული თოდუა განმარტავს, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. გუშინ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც ე.წ. გასაღები ისევ შსს-ს სისტემაში რჩება, მხოლოდ 65-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა კანონპროექტი ფარული მიყურადების შესახებ. ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. აგვისტოში მიღებულმა კანონმა პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება, ე.წ. გასაღები კვლავ დაუტოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც კვლავ შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტორნული კომუნიკაციების თვალთავლი ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენონ ჯიესემ ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები. გარდა ამისა აგვისტოში დამტკიცებულმა კანონმა არ შექმნა კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის აგვისტოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა. ამ საკითხზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია პარლამენტის წევრების, მთავრობის წარმომადგენლების და არასამთავრობოების მონაწილეობით. კომისიას უნდა ემსჯელა და ნოემბრამდე შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა, ვის ექნებოდა იმ მოწყობილებების “გასაღები”, რომლითაც ხორციელდება ფარული მოსმენა/თვალთვალი. ნოემბრამდე ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა და 30 ოქტომბერს პარლამენტმა შსს-ს მოქალაქეების კომუნიკაციებზე პირდაპირი და წვდომა თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

 

პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია საკანონმდებლო ცვლილებების ვარიანტი, რომლითაც NGO-ები მმართველ გუნდს ე.წ. ორი გასაღების სისტემას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც სისტემაზე წვდომა და ჩართვის მექანიზმი სასამართლოსა და მობილურ ოპერატორებს ექნებათ და არა შსს-ს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი