ახალი ამბები

საპატრიარქო სასულიერო პირების ისლამოფობიურ განცხადებებს ემიჯნება და პროვოკაციად აფასებს

2 მაისი, 2019 • 1442
საპატრიარქო სასულიერო პირების ისლამოფობიურ განცხადებებს ემიჯნება და პროვოკაციად აფასებს

“საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ”, – ეს განცხადება საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.

განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, იგულისხმება თუ არა მიტროპოლიტი იობი, რომელიც დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში დღეს იმყოფებოდა და ისლამოფობიური განცხადებებიც გააკეთა.

“ბოლო პერიოდში დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ხალხის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და უკვე არაერთმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია. ჩვენც ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი უდიდესი სიწმინდეა, ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად.

გვინდა საზოგადოებას ასევე ვუთხრათ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირის მიერ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულების გამწვავების ყოველგვარ მცდელობას და მუსლიმთა რწმენის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიიჩნევს გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ პროვოკაციად როგორც სხვა ეროვნებების, ისე ქართველ მუსლიმთა მიმართ.

ვიმედოვნებთ, ჩვენს სულიერ ლიდერებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობას ჩრდილი ვერ მიადგება და სამართლიანობა, კეთილგონიერება და მეგობრობა გაიმარჯვებს”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი სამღვდელოებასთან ერთად დღეს, 2 მაისს, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც სასაზღვრო პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.

სასულიერო პირმა ახსენა “რელიგიური ომის” შესაძლებლობა, უარყოფითად მოიხსენია მუსლიმები და თქვა, რომ “თუ საქმეს სისხლი დასჭირდა”, პირველ რიგში, სასულიერო პირები უნდა წავიდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ გამონათქვამებს აგრესიულად და  შუღლის გაღვივების წახალისებად აფასებს.

მიტროპოლიტ იობის თქმით, აზერბაიჯანული მხარე “ბევრ რამეს არ უყურებს” და თავისი ქმედებებით “რელიგიური ომის” შესაძლებლობას ქმნის.

“ბევრ რამეს არ უყურებენ, განსაკუთრებით იმას, რომ იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაცა მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს აწყობს, არც საქართველოს”, – თქვა მან.

მიტროპოლიტის განცხადებით, “თუ საქმეს დასჭირდა სისხლი”, ერს სასულიერო პირებმა მაგალითი უნდა მისცენ.

“ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და, ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ, სასულიერო პირები, და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს”, – თქვა მან და დაამატა, რომ ფიქრობს, საქმე აქამდე არ მივა.

სასულიერო პირმა თემის კომენტირებისას ისლამოფობიური რეპლიკაც გამოიყენა და მუსლიმური ქვეყნები “ეშმაკის მსახურებს” შეადარა.

“[ამ ტერიტორიაზე] სიმაღლეები არის და, ფაქტობრივად, ეს რისთვის სჭირდება ამ მესაზღვრეებს, აზერბაიჯანის მხარეს? სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაკონტროლონ იქით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან მუსულმან ქვეყნებზე, რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი ძმები არიან. ეს იცით, რას ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თქვას, რომ ეშმაკის მიმდევარი და ეშმაკის მსახური ჩვენი მეგობარია. მათზე არის სულიერი დამღა მუსულმანობის და ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გვღალატობს და გვახსოვს, რომ ყოველთვის განსაცდელები ასეთი ქვეყნებიდან მოდიოდა”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი