ახალი ამბები

მელაშვილის განმარტება: “მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა მოლაპარაკება”

29 იანვარი, 2021 • 1475
მელაშვილის განმარტება: “მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა მოლაპარაკება”

“კარტოგრაფების საქმის” ბრალდებული ივერი მელაშვილი მის მიერ “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. მელაშვილი ამბობს, რომ მიზანი მიიღწევა არა “ურაპატრიოტული” დავის წარმოებით, არამედ ცივილიზებული მოლაპარაკებით, და სწორედ ამ ორ მიდგომას შორის განსხვავებებზე საუბრობდა.

რა თქვა მელაშვილმა?

28 იანვარს “ტვ პირველის” ეთერში მელაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საზღვრის დადგენის პროცესში კონტრპროდუქტიულია მოლაპარაკების წარმოება ხისტი პოზიციით, ამით მტრულად განაწყობ პარტნიორ ქვეყანას.

“ეუბნები, რომ “მოდი, ვიმსჯელოთ”. მიდგომა “არა, გინდა თუ არა ჩვენია”, ჩათვალეთ [საქმის] გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიჰყვები ამ ყველაფერს… როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია… როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი, ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს. ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ საშუალებას, რაც მანამდე გვქონდა, აფუჭებ, მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

“ლუსტრაცია” და “ბრალის აღიარება”…

ივერი მელაშვილის ეს განცხადება კრიტიკის საფუძველი გახდა ხელისუფლების მხრიდან.

“აღმაშფოთებელია და სრული ლუსტრაციაა ის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ”, დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო ის განცხადება, რომ დავითგარეჯა საქართველოს არ ეკუთვნის და არავითარ რუკებზე საუბარი არ არის. ივერი მელაშვილი სრულად მხარდაჭერილია თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

კარტოგრაფების საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილის განცხადებები მისთვის წარდგენილი ბრალის აღიარებაა.

“ზუსტად ამას ვამტკიცებთ ბრალდების მხარე, რაც გუშინ საქვეყნოდ განაცხადა მელაშვილმა. იგი საუბრობს არა ბერთუბანზე, არამედ დავითგარეჯის მთაზე არსებულ კულტურულ ძეგლებზე, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენ გვაქვს ოქმი, სადაც ჯერ კიდევ 1995 წელს მელაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, დავითგარეჯის მთა და მასზე არსებული ყველა ძეგლი არის და უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფარგლებში. 1996 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა პირველადი რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენს ტერიტორიაზე და 2006 წელს, 10 წლის შემდეგ რა შეიცვალა, რატომ შეათანხმა მელაშვილმა ისე საზღვარი, რომ ქედზე გადაიარა და მთა ნაწილობრივ მოექცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შეიცვალა ის, რომ მან მიიღო დანაშაულებრივი დავალება, ასე გაეკეთებინა და იგი უკვე იძულებულია, მისი დანაშაულის გადასაფარად დღეს ისაუბროს, თურმე ეს ძეგლები ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე”, – განაცხადა წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, მელაშვილის სიცრუეს გამოააშკარავებს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც ედავება პროკურატურა ბრალდებულებს და სადაც ჩანს, რომ “მთელი მთა არის საქართველოსი”.

“100-მდე რუკაა საქმეში და მთავარი რუკა, რომლითაც დავითგარეჯა ჩვენია, მარტო ამ რუკას აღმოაჩნდა თურმე ხარვეზი”, – ამბობს  წიკლაური და დასძენს, რომ მელაშვილისა და ილიჩოვასთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლა პროკურატურის პოზიციების შერბილებაზე არ მიანიშნებს და “მათ ემუქრებათ 15 წლამდე სასჯელი”.

მელაშვილი, თავის მხრივ, იმეორებს თავდაპირველ პოზიციას 200 000-იანი მასშტაბის რუკის “ტექნიკურ წუნთან” დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ აღნიშნული რუკა ანომალიაა, რადგან მასზე მოცემული ელემენტები, მაგალითად, ხიდი, ხევი, ხრამი, არ ემთხვევა და 300-500 მეტრით არის დაშორებული ადგილზე არსებულ რეალობას, ისევე, როგორც თანხვედრაში არაა არც სხვა რომელიმე რუკასთან და სამართლებრივ დოკუმენტთან.

“ამ ფონზე, როცა რუკიდან მოხსნილი ერთი ელემენტი — საზღვრის ხაზი — დაადევი მეორე საზღვრის ხაზს და ამბობ, რომ სხვაობა დაინახე, ეს არის საკითხისადმი დილეტანტური მიდგომა, ან წინასწარ გამიზნული დიდი ტყუილი საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. რაკი პროკურატურა მისდევს ამ დილეტანტურ მსჯელობას, ეს ნიშანვს,  შეგნებულად, ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს, აფუჭებს მეორე მხარესთან ურთიერთობას და შეცომაში შეჰყავს საზოგადოება, თითქოს ვინმემ ვიღაცას რაღაც გადასცა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მელაშვილმა.

ივერი მელაშვილის განმარტება

ივერი მელაშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ “ტვ პირველის” ეთერში მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ არასწორი აღქმა გამოიწვია, ამასთან, მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ადამიანი “მიზანმიმართლად სხვანაირად წარმოაჩენს სწორ ნააზრევს”.

“აზერბაიჯანისა და საქართველოს რესპუბლიკას შორის საბჭოთა კავშირის დროს საზღვრის ხაზი დადგენილი იყო და არსებობდა რუკებზე. რა საზღვარი არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს, ქვეყანამ იცის და რუკებზე არის მონიშნული. ქართული მხარის კომისიის და მათ შორის ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენს კულტურულ, ეთნოგრაფიულ, სულიერ, ისტორიულად მემკვიდრეობად მიგვაჩნია მთლიანად დავითგარეჯა და მისი ის შემადგენელი ნაწილი, რაზედაც არის ლაპარაკი — ბერთუბანი, სერზე არსებული მონასტერი და სამხრეთ კალთაზე განთავსებული კელიები. როდესაც გინდა, ტერიტორია ისეთნაირად იყოს შემოსაზღვრული, როგორც ქვეყნის ინტერესებშია, ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა მოლაპარაკება. როდესაც ვიღაც ურაპატრიოტი, პოლიტიკოსი იქნება, ბერი თუ ერისკაცი, გამოდის და ჯიკაობისკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, ეს არის არასწორი. ერთია, როცა გინდა ქვეყნის ინტერესს ცივილურად, მოლაპარაკების გზით მიაღწიო და მეორე — როცა აკეთებ ურაპატრიოტულ განცხადებებს, მეორე მხარის უკმაყოფილებას იწვევ და ორ ქვეყანას შორის ვითარებას ძაბავ. ამ ორ სხვადასხვა მიდგომას შორის გავაკეთე აქცენტი და მეტი არაფერი”, – აღნიშნა მელაშვილმა.

მისი თქმით, ქართული მხარის თავდაპირველი შეთავაზება იყო, ბერთუბანიც (რომელიც ღრმად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული და დავის საგანს არ წარმოადგენს) საქართველოს მხარეს ყოფილიყო და ახლაც აქვს ეს სურვილი, რაც მხოლოდ გონივრული მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი.

“როდესაც არ გაქვს დასაბუთება, სამართლებრივი საფუძველი დავის, იქ არ უნდა იდავო. არსებობს სხვა მეთოდები მიზნის მისაღწევად. ვინც ამბობს, რომ 200 000-იანი მასშტაბის რუკით “ყველაფერს წამოიღებს”, არის დილეტანტი და მატყუარა. ამ რუკის ტერიტორიული პრეტენზიის არგუმენტად დაყენება უსაფუძვლო და პროვოკაციული მიდგომაა. “ჩემია, ჩემიას” ძახილი და უაპელაციო პოპულისტური განცხადებები იმ ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიულად საქართველოს შემადგენელი ნაწილია, ჩაითვლება პროვოკაციად, გააჭიანურებს და ჩიხში შეიყვანს მოლაპარაკების პროცესს, პრობლემა კი გადაუჭრელი დარჩება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მელაშვილმა.

როდიდან იწყება დავა გარეჯის ნაწილზე?

ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი ამბობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პრობლემა ამ ქვეყნების მიერ მეფის რუსეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის დაშლისთანავე გაჩნდა.

“თავდაპირველად აზერბაიჯანი ყარაიის ველისადმი, რომლის არეალშიც გარეჯის ტერიტორიის სადავო მონაკვეთიც შედის, ტერიტორიულ პრეტენზიას არ აცხადებდა და მხოლოდ საძოვრებით სარგებლობის უფლებას ითხოვდა. თუმცა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობიდან ორი თვისთავზე შექმნილი ტერიტორიული საკითხების მომგვარებელი ორმხრივი კომისიის სხდომებზე სისტემატურად ხდებოდა ტერიტორიული მფლობელობის შეცვლის საკითხის შემოპარება, რაშიც აზერბაიჯანულ მხარეს რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება მხარს უჭერდა”, – ამბობს მირიანაშვილი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმის დადგენილებით, საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩის, სერგეი კიროვის თავმჯდომარეობით,  ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. საქართველოს მხრიდან კომისიაში შედიოდნენ სახალხო კომისრები, ალექსანდრე სვანიძე და სილვესტრ თოდრია. იმის გამო, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის შიდა საზღვრების დადგენისას სადავო საკითხებზე შეთანხმება გართულდა, კიროვმა 1921 წლის ივნისში თბილისში გამართულ სხდომებზე, რომელზეც ზაქათალის ოლქისა და ყარაიის ველის სადავო საკითხი განიხილებოდა, კომისიის წევრების გარდა, სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა მოიწვია. გადაწყდა, რომ “მთელი ძალაუფლება, გარდა პოლიტიკურისა”, ყარაიაზელ გლეხებს გადაეცათ. [წყარო: ლევან თოიძე, “საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1921-1923 წლები”].

მირიანაშვილის თანახმად, აზერბაიჯანელი გლეხები საქართველოს საძოვრების ფაქტიურ მფლობელებად 1924 წლის ნოემბრამდე რჩებოდნენ, იმ დრომდე, სანამ ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალ რესპუბლიკებს შორის არსებული მიწის, ტყის და წყლით სარგებლობის სადავო საკითხთა მომგვარებელი კომისიის სხდომის 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, აზერბაიჯანის იურიდიულ მფლობელობაში გადავიდა ტერიტორია, რომელზეც აღმოჩნდა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან სამი: ბერთუბნის და უდაბნოს მონასტრები, ასევე, ჩიჩხიტურის მონასტრის უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ნაწილი.

ისტორიკოს ალექსანდრე მანველიშვილის თანახმად, ბოლშევიკებმა თურქეთს, საბჭოთა აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 19 491 კვ. კილომეტრის სივრცე.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული და “სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონითაა განსაზღვრული, შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე საქართველოს მხოლოდ ერთ მეზობელთან – თურქეთთან აქვს შეთანხმება მიღწეული. აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია 1996 წლიდან მუშაობს და დავითგარეჯის მონაკვეთი კვლავ შეუთანხმებელია.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი