ახალი ამბები

მტკიცება, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, მოლაპარაკებებში გვაზიანებს – სარჯველაძე

1 თებერვალი, 2021 • 1011
მტკიცება, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, მოლაპარაკებებში გვაზიანებს – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დავითგარეჯის საკითხზე ბრიფინგი გამართა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, პოლიტიკოსებს და ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს, მოუწოდა, თავი შეიკავონ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებებისგან, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის.

სარჯველაძის თქმით, მსგავსი განცხადებები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე ქართული დელეგაციის განიარაღებაა და საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მტკიცებულებად იქნას წარმოდგენილი.

“ნაციონალური მოძრაობა” და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით, გამორჩეული ხალისით და მონდომებით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას”, – განაცხადა სარჯველაძემ და დასძინა, რომ მმართველი პარტია არავის მისცემს “მოღალატეობრივი განზრახვის” წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას.

სარჯველაძემ წუხილი გამოთქვა, რომ თანამოქალაქეები ცდილობენ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით დამტკიცებული, 1938 წლის რუკის არავალიდურ დოკუმენტად შერაცხვას და იმ მტკიცებულებების უარყოფას, რომელიც  ადასტურებს ისტორიულ სამართლებრივ ფაქტს, რომ დავითგარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

საუბარია 1:200 000-იანი მასშტაბის რუკაზე, რომლის გამოუყენებლობასაც პროკურატურა ედავება საზღვრის დადგენის საქმის ბრალდებულებს — ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას. პროკურატურის თანახმად, მელაშვილს და ილიჩოვას კომისიაში მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი და საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

თუმცა 1:200 000-იანი რუკა არ არის 1938 წლის შეთანხმების ნაწილი და რუკის ის მონაკვეთი, რომელიც შეეხება გარეჯის მონაკვეთს, ბრალდებულთა ადვოკატების ცნობით, დაბეჭდლია 1937 წელს. 1938 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი და 1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი სწორედ 1938 წელს ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი იქნებოდა.

“ამ ფონზე, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დადგენის პროცესი არ დასრულებულა, უპასუხისმგებლო და, შეიძლება ითქვას, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, როგორც 2005-08 წლებში, ისე დღეს, და იმ აბსურდის მტკიცება, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება წარმოდგენილი იქნას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მტკიცებულებად. ეს არის საქართველოს მომავალი სახელმწიფო დელეგაციის განიარაღების მიზანმიმართული მცდელობა, რამაც მოლაპარაკების პროცესში ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს”, – დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

მელაშვილი და ილიჩოვა წინასწარი პატიმრობიდან 28 იანვარს გაათავისუფლების. პროკურატურის შუამგდომლობის საფუძველზე, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონიძიების სახით გირაო შეუფარდა.

ამ თემაზე:

მელაშვილის განმარტება: “მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა მოლაპარაკება”

მასალების გადაბეჭდვის წესი