ახალი ამბები

ლორთქიფანიძის დასახელებული ინჟინერი კეზერაშვილთან შეხვედრას უარყოფს

4 თებერვალი, 2021 • 1548
ლორთქიფანიძის დასახელებული ინჟინერი კეზერაშვილთან შეხვედრას უარყოფს

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მთავარ პროკურატურაში გამოიკითხა.

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დავითგარეჯის საკითხს წლების განმავლობაში იკვლევდა, დაადგინა და გამოკითხა კონკრეტულ პირთა წრე, ჩაწერა ლაივ ვიდეო მიწათმოწყობის ყოფილი ინსტიტუტის შენობიდან, რომელიც დღესდღეობით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკუთვნის, მიუთითა საცავები, სადაც ინახებოდა სამაზრო რუკები, იზოგიფსიანი რუკები, პლანშეტები. ლორთქიფანიძის თქმით, 2007 წელს მკაცრი აღრიცხვის საცავებიდან თავდაცვის მაშინელი მინისტრის, დავით კეზერაშვილის უშაულო მითითებით მოხდა რუკების გატანა და განადგურება

“[მიწათმოქმედების ინსტიტუტის] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე თანამშრომელი ზურაბ ბოჭორიშვილი, რომელიც, ასევე, გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან(მანამდე იკავებდა პროექტის მთავარი ინჟინრის პოზიციას), გამოძახებულ იქნა თავდაცვის სამინისტროში, სადაც სპეციალურ ოპერატიულ თათბირზე მას უშუალოდ მიმართა ბატონმა კეზერაშვილმა… კეზერაშვილი ატარებდა თათბირს”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, კეზერაშვილის იტერესის საგანი იყო 1938 წელს გამოცემული ორიგანილი რუკის საცავის შესაძლო ადგილმდებარეობა.

“იქ არ იყო მარტო ზურა ბოჭორიშვილი, იყვნენ კოლეგა კარტოგრაფები, გეოდეზისტები, ტოპოგრაფები, მუნიციპალური წარმომადგენლები. ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მან იცოდა ასეთი რუკების დაცვის ადგილსამყოფლის შესახებ ანტონოვკსიას #5-ში მდებარე მიწათმოქმედების საპროექტო ინსტიტუტში. ეს იყო სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული საცავი. ამის მერე მოხდა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა სამი მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი გააგზავნა, მათ აღწერეს ეს დოკუმენტაცია და რამდენიმე დღეში იქიდან სატვირთო მასალებით გაზიდული”, – განუცხადა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე.

რა ამბობს ზურაბ ბოჭორიშვილი? 

დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასახელებული ინჟინერი ზურაბ ბოჭორიშვილი “ფორმულასთნ” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ისევე, როგორც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მხოლოდ ტელევიზორში უნახავს.

“რაც მქონდა ინფორმაცია, ყველაფერი მივაწოდე. დამანებეთ თავი… რომელი არქივის გამგე ვიყავი?! რეებს მაბრალებ, არა გრცხვენია, სიცოცხლეში არ შევხვედრივარ [კეზერაშვილს], მხოლოდ ტელევიზორში მინახავს”, – განუცხადა ბოჭორიშვილმა “ფორმულას”, ხოლო ჟურნალისტის რეპლიკის საპასუხოდ, რომ ეს ინფორმაცია დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა, თქვა, რომ ლორთქიფანიძეს შეხვდება და ეტყვის, “რაც ეკადრება”.

“ლორთქიფანიძემ მკითხა და ვუთხარი, რომ რუკები ინახებოდა ჩვენს საცავში”, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, არ იცის, ინსტიტუტის საცავში დაცულ რუკებს შორის იყო თუ არა კონკრეტულად 1938 წლის რუკები.

რა უთხრა ბოჭორიშვილმა ლორთქიფანიძეს Live-ში?

პირდაპირი ჩართვა მიწათმოწყობის ყოფილი ინსტიტუტის შენობიდან, რომელზეც ლორთქიფანიძე საუბრობს და პროკურატურაში მოწმედ დაბარების მიზეზად ასახელებს, 2020 წლის 21 ოქტომბრით თარიღდება. აღნიშნულ ჩართვაში ლორთქიფანიძე საუბრობს მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით-საპროექტო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ, რაც მისი აზრით, შემხებლობაშია გარეჯის მიმართულებით საზღვრის დადგენასთან, ვინაიდან ამ ინსტიტუტში შესაძლოა, ყოფილიყო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიისთვის უნიკალური მასალები. აღნიშნულ ჩართვაში აცნობს ლორთქიფანიძე მაყურებლებს ზურაბ ბოჭორიშვილს და მიწათმოქმედების ყოფილი ინსტიტუტის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიასთან კავშირის შესახებ ეკითხება.

“ჩვენს ინსტიტუტში პირიველ სართულზე ინახებოდა კარტოგრაფიული მასალები, ის აეროფოტოსურათები და პლანშეტები, რითაც მუშაობა უხდებოდა ინჟინერ ტექნოლოგებს. იყო კიდევ შენობის ნულოვანი სართული, სადაც ინახებოდა უძველესი მასალები, მაზრების დროინდელი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც უნიკალური იყო თავისი სიზუსტით. ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა, სოფლებს შორის საზღვრები როცა დგებოდა  კოლმეურნეობის დროს. მე მაქვს ჩემი პირადი ვარაუდი, რომ იქ აუცილებლად იქნებოდა დატანილი ის საზღვარი, რაც გარეჯის მონასტერს და მის მიმდებარე ტერიტორიას ეხება. მოხდა ისე, რომ ინსტიტუტი 2005 წელს გაუქმდა ნაწილი კარტოგრაფიული მასალების გატანილ იქნა გარემოს დაცვის სამინისტროში, ნაწილი — რესპუბლიკის არქივში დასაცავად. უმრავლესობა, ალბათ, დარჩა შენობაში, რომელიც დღეს აღარ არსბეობს და ვისი განკარგულებით, ვისი დავალებით გაქრა თუ განადგურდა ეს მასალა, ნამდვილად ვერ ვიტყვით”, – იხსენებს ბოჭორიშვილი.

ვისაც არ გინახავთ, გთხოვთ იხილოთ და გააანალიზოთ!

Posted by დიმიტრი ლორთქიფანიძე on Wednesday, 3 February 2021

დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნულ ვიდეოჩართვაშიც ჰყვება, რომ კეზერაშილის მინისტრობის დროს ზურაბ ბოჭირიშვილი დაიბარეს თავდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, სადაც გააკეთა მოხსენება და ამ ფაქტს ადასტურებს ბოჭორიშვილიც.

“2006 თუ 2007 წლები იქნებოდა, თავდაცვის სამინისტროში დამიბარეს, რომ მიდიოდა საზღვრის დავის გადაწყვეტის ღონისძიებები და კარტოგრაფიულ მასალებზე ამის დატანა ან მოძიება. მათ ჰქონდათ დაბეჭდილი მასალა ქაღალდზე და ეს არ არის ის მასალა, რომლითაც საზღვარი უნდა დადგინდეს. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენს ინსტიტუტში ინახებოდა უნიკალური მასალები ფოტოგეგმებისა და პლანშეტების სახით და მაზრის დროინდელი რუკები, რომლითაც უფრო ზუსტად და უფრო კონკრეტულად შეიძლებოდა ამ საზღვრების დაზუსტება. წამომყვნენ იქიდან ორი თუ სამი უმაღლესი ჩინის ოფიცრები, მოვედით აღნიშნულ შენობაში, ჩავედი და საცავის კარები დალუქული დაგვხვდა. მითხრეს, ეკონომიკის სამინისტროს გარდა ვერავინ გახსნისო, დამშორდნენ და ამის შემდეგ არაფერი ვიცი — ვინ გახსნა, მოიპოვა საშვები, მასალები თუ რა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მომიხდა ჩასვლა და იქ იყო დაყრილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის დახმარებები და მივედით იქ, სადაც ეს მასალები ინახებოდა და ერთი ქაღალდიც აღარ იყო დარჩენილი. ვინ და სად გაიტანა, გამოძიების საგანია”, – ამბობს ბოჭორიშვილი.

კეზერაშვილის ადვოკატის პოზიცია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია დეზინფორმაციად აფასებს დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას დავით კეზერაშვილის დავალებით კარტოგრაფიული მასალის განადგურების შესახებ და ამბობს, რომ ლორთქიფანიძე დღევანდელი განცხადებები არის თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის პროპაგანდის გაგრძელება და ემსახურება არა დავითგარეჯის საკითხის საქართველოს სასიკეთოდ გადაწყვეტას, არამედ რუსულ ინტერესებს.

“დიმიტრი ლორთქიფანიძე აგრძელებს ირაკლი ღარიბაშვილის ხაზს, რომელიც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და რომელიც ნამდვილად მოღალატეობრივი ხაზია. სურთ პატრიოტული მოტივებით შეფუთონ ის სიცრუე და ფეიკნიუსები, რომელსაც ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოების გულწრფელი ნაწილი, თითქოსდა დავითგარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესეის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. ეს ტყუილი იდენტიფიცირდება იმ მარტივი საშუალებითაც, თუ დავაკვირდებით, ვინ საუბრობს დავითგარეჯთან დაკავშირებით: ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის რუსულ კავშირებზე არაერთი ინფორმაცია გავიდა მასმედიაში; დავით ხიდაშელი — რუსეთში მოღვაწე პირი, რომლის კავშირი გამოვლინდა რუკებთან დაკავშირებით; დიმიტრი ლორთქიფანიძე — პირი, რომელიც პირდაპირ ემსახურება რუსულ კავშირებს საქართველოში”, – ამბობს ბასილაია.

ადვოკატის შეფასებით, ღარიბაშვილის, ხიდაშელისა და ლორთქიფანიძის პოზიციები და ქმედებები მიმართულია საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვისკენ, ქართული საზოგადოების პოლარიზაციისკენ, რაც აწყობს ოკუპანტ რუსეთს.

ამ თემაზე:

დიმიტრი ლორთქიფანიძე “კარტოგრაფების საქმეზე” მოწმედ იკითხება

მასალების გადაბეჭდვის წესი