ახალი ამბები

ენმ საქართველოში “აეროფლოტის” დაბრუნებას აპროტესტებს

26 ოქტომბერი, 2014 • • 1110
ენმ საქართველოში “აეროფლოტის” დაბრუნებას აპროტესტებს

ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა საქართველოს ავიაბაზარზე “აეროფლოტის” შემოსვლასთან დაკავშიებით გამართულ სპეცაილურ ბრიფინგზე გააკეთა. 

 

მოგვიანებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ საკითხზე სპაციალური განცხადება გაავრცელა: 

“მოგეხსენებათ, 2006 წელს აღდგა ფრენები თბილისი-მოსკოვის მიმართულებით “საქართელოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ” ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მე-14 მუხლი იცავდა ქართული მხარის უფლებებს გამოხატულს პარიტეტში (ამ შემთხვევაში გადაწყდა 10 რუსული კომპანიის რეისი, 10 ქართული). ფრენები 2008 წელს შეწყდა. 2010 წელს აღდგა მხოლოდ ჩარტერული რეისები, პარიტეტი აქაც დაცული იყო. სულ ხორციელდებოდა 20 რეისი.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე კი ბატონმა აბაშიძემ შესთავაზა რუსულ მხარეს ფრენების აღდგენა 2006 წლის ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა რუსულმა მხარემ მოითხოვა, ამ შემთხვევაში არ ამოქმედებულიყო მე-14 მუხლი პარიტეტის შესახებ. ბატონი აბაშიძე ამ მოთხოვნას დათანხმდა. დასტურად, ქართულმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან გააგზავნა ნოტა, სადაც გამოხატა მზადყოფნა, უპირობოდ შემოეშვა საქართველოში რუსული ავიაკომპანიები. საქართველოში ფრენის სურვილი 26-მა რუსულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელთა შორის არის ევროპის სანქციებში მოყოლილი კომპანიები, რომელთაც ევროპის ბაზარზე აღარ უშვებენ.

ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გაიარეს კონსულტაცია საქმის სპეციალისტებთან და დარწმუნდნენ, რამდენად წამგებიანია ეს პირობები საქართველოსთვის, ერთი თვის შემდეგ ახალი, მეორე ნოტა გააგზავნეს, სადაც განმარტავენ, რომ ხელშეკრულების მე-14 მუხლი აუცილებელია ამოქმედდეს პარიტეტით 10/10-ზე, რაზეც, რასაკვირველია, მიიღო უარი რუსული მხარიდან. ამ უგუნური ნაბიჯით დღეს საქართველოს ფრენებზე წესებს რუსეთი განსაზღვრავს. 

რუსეთის ხელისუფლება, სარგებლობს რა ქართული ხელისუფლების უუნარობითა და არაპროფესიონალიზმით, ახორციელებს ძალადობრივ აქტს, რაც საბოლოოდ გამოიწვევს არა მარტო ქართული კომპანიებისა და ოპერატორების გაკოტრებას, არამედ დიდი მსოფლიო ავიაკომპანიების განდევნას საქართელოს ბაზრიდან. რადგანაც მოსკოვის საბოლოო მიზანია აზიისა და ევროპის საავიაციო ჰაბი გადაიტანოს მოსკოვში.

გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ ა/წ 30 სექტემბერს “აეროფლოტმა” ოფიციალური თბილისისათვის შეტყობინების გარეშე უკვე განახორციელა სოხუმი-მოსკოვის რეისი, რომელიც რეგულარული გახდება მოსკოვი-თბილისის ფრენების შემდეგ. ამის თაობაზე კი საქართველოს მთავრობას არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

 

საქართველოს ავიაბაზარზე “აეროფლოტის” შემოსვლის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” დაუდასტურეს.  

 

“ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, “აეროფლოტი“ ქართულ ავიაბაზარზე 27 ოქტომბრიდან ბრუნდება და რეგულარული ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღიურად შესრულდება.

 

რუსული “აეროფლოტი” 1923 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანიის სათაო ოფისი მოსკოვში მდებარეობს. “აეროფლოტის” განკარგულებაში 153 ავიალაინერია. კომპანია რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 52 ქვეყანაში, 121 მიმართულებით  სრულებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი