ახალი ამბები

15 დაღუპული: სროლა შრი ლანკაში, სამხედროებსა და ტერორიზმში ეჭვმინატილებს შორის

27 აპრილი, 2019 •
15 დაღუპული: სროლა შრი ლანკაში, სამხედროებსა და ტერორიზმში ეჭვმინატილებს შორის

შრი ლანკაში, სამხედროებსა და ტერაქტებში ეჭვმიტანილ შეიარაღებულ პირებს სროლის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მსოფლიო მედია იუწყება.

შეტაკება პარასკევს, საღამოს საათებში, ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ სენთჰამარუთუში მოხდა. CNN–ის თანახმად, სროლისას დაღუპულთა შორის ექვსი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირია, ცხრა კი მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულ მოქალაქეთაგან ექვსი ბავშვია.

სროლისას ტერიტორიაზე სამი აფეთქება მოხდა. ოფიციალური პირების ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილთა სახლის ჩხრეკისას 100 000 მეტალის ბურთულა, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” უნიფორმები და დროშები ამოიღო.

რეიდებამდე 1 დღით ადრე, 26 აპრილს, შრი ლანკის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ადგილობრივი სამართალდამცველები ცდილობდნენ 140 ბრალდებულის დაკავებას, რომლებსაც, სავარაუდოდ, ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოსთან” აქვთ კავშირი.

შრი ლანკაში თავდასხმის შედეგად 250–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი დაშავდა. როგორც BBC წერს, გარდაცვლილთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.  მომხდარის შემდეგ პოლიციამ 76 ადამიანი დააკავა.

აფეთქებების სერია კვირას დაიწყო, როდესაც ადგილობრივი კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

პირველი აფეთქების შესახებ ინფორმაცია კვირას, ადგილობრივი დროით 08:45 საათზე გავრცელდა, რასაც მოკლე დროში კიდევ 6 აფეთქება მოჰყვა.თავდასხმის ობიექტებს შორის იყო სამი ეკლესია, სადაც სააღდგომო წირვა მიმდინარეობდა, აფეთქებები მოხდა რამდენიმე ძვირადღირებულ სასტუმროშიც.

შრი ლანკაში დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი