შრი ლანკაში პოლიცია თავდასხმაში ბრალდებულ 140 პირს ეძებს

თავდასხმის შემდეგ შრი ლანკის პოლიცია ბრალდებულებს ეძებს. Reuters წერს, რომ ადგილობრივი სამართალდამცველები ცდილობენ 140 ბრალდებული დააკავონ, რომლებსაც, სავარაუდოდ, ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოსთან” აქვთ კავშირი.

შრი ლანკის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ რელიგიური რიტუალების საჯარო ადგილებში შესრულებისგან. შრი ლანკის არცერთ ტაძარში ლოცვები ამ დროისთვის არ ტარდება. პოლიციაში ამბობენ, რომ თავდასხმების გამეორების შანსი არსებობს.

შრი ლანკაში თავდასხმის შედეგად 310 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი დაშავდა. როგორც BBC წერს, გარდაცვლილთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.  მომხდარის შემდეგ პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა.

აფეთქებების სერია შრი ლანკაში კვირას დაიწყო, როდესაც ადგილობრივი კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

პირველი აფეთქების შესახებ ინფორმაცია კვირას, ადგილობრივი დროით 08:45 საათზე გავრცელდა, რასაც მოკლე დროში კიდევ 6 აფეთქება მოჰყვა.თავდასხმის ობიექტებს შორის იყო სამი ეკლესია, სადაც სააღდგომო წირვა მიმდინარეობდა, აფეთქებები მოხდა რამდენიმე ძვირადღირებულ სასტუმროშიც.

როგორც BBC წერს, შრი ლანკის მთავრობა ფიქრობს, რომ რამდენიმე ადგილას თვითმკვლელი თავდამსხმელები მოქმედებდნენ.

შრი ლანკაში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან