ახალი ამბებისამართალი

მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის განკუთვნილი აქციისთვის თბილისში ორი მაღაზია დააჯარიმეს

22 აპრილი, 2019 • 3063
მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის განკუთვნილი აქციისთვის თბილისში ორი მაღაზია დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის მაღაზიები “დი ოჯჯი” და TIME დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ “თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს.

მოზრაობის ინფორმაციით, საქმე შეეხება 2017 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებული აქციას, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირს შეეძლო ესარგებლა ნივთებზე შემოთავაზებული ფასდაკლებით.

აქცია ეძღვნებოდა ვალენტინობის დღესასწაულს და აღნიშნული აქციით მაღაზიები აძლევდნენ მომხმარებლებს საჩუქრის შეძენის შესაძლებლობას საყვარელი ადამიანისა და მეორე ნახევრებისთვის.

“აქციის ფარგლებში მაღაზიების მომხმარებლები, მხოლოდ ქალის ან მამაკაცის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებდნენ შესაბამისი ფასდაკლებით.

თორნიკე კუსიანი დაუკავშირდა აღნიშნულ მაღაზიებს და საკუთარი მამაკაცი პარტნიორისთვის საჩუქრის შეძენა დააპირა, სატელეფონო საუბრისას მოპასუხეებმა განუცხადეს, რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნივთების შეძენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი აქციებით სარგებლობა და აქცია ვრცელდებოდა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებზე”, – წერს “თანასწორობის მოძრაობა”. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, თორნიკე კუსიანმა ვერ ისარგებლა აქციით და სასურველი ნივთების შეძენა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ვერ შეძლო. მან მიმართა “თანასწორობის მოძრაობას” სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით, ვინაიდან მიიჩნია, რომ მას დისკრიმინაციულად მოეპყრნენ.

“თანასწორობის მოძრაობის” შეფასებით, მსგავს პირობებში მყოფ პირებთან შედარებით იგი მოექცა უარეს მდგომარეობაში, რამდენადაც მოპასუხემ არ გაითვალისწინა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების მოთხოვნები და ამ აქციით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მოაქცია დისკრიმინაციულ გარემოში ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით.

სასამართლომ გაითვალისწინა “თანასწორობის მოძრაობის” დასაბუთება და “დი ოჯჯი” და TIME 100-100 ლარით დააჯარიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი