ახალი ამბები

საკრებულომ ოდიშარიასთვის მიწის გაცვლას მხარი დაუჭირა

19 აპრილი, 2019 • 1902
საკრებულომ ოდიშარიასთვის მიწის გაცვლას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის თაბორის მთაზე 3 ათას კვ.მ მიწის სანაცვლოდ მუხიანში 35 ათას კვ.მ მიწის გადაცემას მხარი დაუჭირა.

ტერიტორიის გაცვლას მხარი საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგი იყო.

თბილისის მერია პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე 3 ათას კვ.მ მიწის სანაცვლოდ მუხიანში 35 ათას კვ.მ მიწას სთავაზობდა. მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე ხდება და გასაცვლელ მიწებს რეალურად ერთნაირი ღირებულება აქვთ.

გარიგებას აპროტესტებს ოპოზიცია. ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილის ცნობით, თავის დროზე ბექა ოდიშარიამ თაბორის მთაზე არსებული ეს ტერიტორია, სადაც მას სასტუმროს მშენებლობის უფლება მერიამ არ მისცა, 212 000 ლარად იყიდა. მუხიანში 35 ათასი კვ.მ კი, რასაც მერია სანაცვლოდ გადასცემს, 5 600 000 ლარი ღირს. ანუ ხაბეიშვილის დათვლით. კვადრატული მეტრი ოდიშარიას 20 – 35 ლარი დაუჯდა, ამ გარიგების საფუძველზე ის მოგებული რჩება, რადგან გაცვლის შემდეგ 1 კვ.მ ღირებულება 1700 ლარი გამოდის.

“ოდიშარიამ იმ ადგილას [თაბორის მთაზე] კერძო საკუთრების შეძენა დაიწყო 2008 წელს. პირველი შენაძენი გააკეთა ნორმატიულ ფასში, შემდეგ- 2009-ში, 2010-ში, 2011-ში მიჰყვებოდა და ენმ-ის ხელისუფლება, დღეს ვინც ყვირის, ყიდდა ამას აუქციონის წესით. [ოდიშარია] ყიდულობდა იმდენად, რამდენადაც აფასებდნენ ისინი. ახლა იმ ადგილას გავიდა გზა, გვერდით წავიდა განაშენიანება, გაცოცხლდა ის ადგილი და ის მიწა გაძვირდებოდა, აბა, რა მოხდებოდა?!”, – ამბობს საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ბექა დავითულიანი.

“შეიძლება გავამწვანოთ ან სხვა რამ გავაკეთოთ” – რას უპირებს მერია თაბორზე ოდიშარიას მიწას

მასალების გადაბეჭდვის წესი