ახალი ამბები

“შეიძლება გავამწვანოთ ან სხვა რამ გავაკეთოთ” – რას უპირებს მერია თაბორზე ოდიშარიას მიწას

19 აპრილი, 2019 •
“შეიძლება გავამწვანოთ ან სხვა რამ გავაკეთოთ” – რას უპირებს მერია თაბორზე ოდიშარიას მიწას

თბილისი საკრებულოს უმრავლესობაში ჯერჯერობით არ იციან, რა გეგმები აქვს მერიას თაბორის მთაზე იმ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელსაც დედაქალაქი დეპუტატ ბექა ოდიშარიას უცვლის.

“ამ ადგილს ჯერჯერობით გადავდებთ და ამ მშენებლობაზე ვთქვით უარი. რაში გამოვიყენებთ, ამას ვნახავთ, შეიძლება გავამწვანოთ, შეიძლება სხვა რამე გავაკეთოთ”, – ამბობს ნეტგაზეთთან საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან ბექა დავითულიანი.

თბილისის მერია პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე 3 ათას კვ.მ მიწის სანაცვლოდ მუხიანში 35 ათას კვ.მ მიწას სთავაზობს. მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე ხდება და გასაცვლელ მიწებს რეალურად  ერთნაირი ღირებულება აქვთ.

ბექა დავითულიანის განმარტებით, თაბორის მთაზე მიწა ძვირი ღირს.

გარიგებას აპროტესტებს ოპოზიცია. ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილის ცნობით, თავის დროზე ბექა ოდიშარიამ თაბორის მთაზე არსებული ეს ტერიტორია, სადაც მას სასტუმროს მშენებლობის უფლება მერიამ არ მისცა, 212 000 ლარად იყიდა. მუხიანში 35 ათასი კვ.მ კი, რასაც მერია სანაცვლოდ გადასცემს, 5 600 000 ლარი ღირს. ანუ ხაბეიშვილის დათვლით. კვადრატული მეტრი ოდიშარიას 20 – 35 ლარი დაუჯდა, ამ გარიგების საფუძველზე ის მოგებული რჩება, რადგან გაცვლის შემდეგ 1 კვ.მ ღირებულება 1700 ლარი გამოდის.

“ოდიშარიამ იმ ადგილას [თაბორის მთაზე] კერძო საკუთრების შეძენა დაიწყო 2008 წელს. პირველი შენაძენი გააკეთა ნორმატიულ ფასში, შემდეგ- 2009-ში, 2010-ში, 2011-ში მიჰყვებოდა და ენმ-ის ხელისუფლება, დღეს ვინც ყვირის, ყიდდა ამას აუქციონის წესით. [ოდიშარია] ყიდულობდა იმდენად, რამდენადაც აფასებდნენ ისინი. ახლა იმ ადგილას გავიდა გზა, გვერდით წავიდა განაშენიანება, გაცოცხლდა ის ადგილი და ის მიწა გაძვირდებოდა, აბა, რა მოხდებოდა?!”, – ამბობს ბექა დავითულიანი.

თბილისის საკრებულომ ზემოხსენებულ გაცვლას მხარი დაუჭირა 30 ხმით 6-ის წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი