არსებობს საფრთხე, რომ აჭარის TV კვლავ ლოიალური გახდეს ხელისუფლების მიმართ – ანდღულაძე

დღეს, 19 აპრილს, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე იმპიჩმენტით გადააყენა. ამ გადაწყვეტილებას ნეტგაზეთთან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრი და მედიასამართლის სპეციალისტი მამუკა ანდღულაძე აფასებს.

მისი თქმით, კაპანაძის გადადგომით კვლავ აქტუალური ხდება საფრთხე, რომ აჭარის ტელევიზია ხელისუფლების მიმართ ლოიალური გახდება.

“უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად ვაფასებ. სამწუხაროდ, მრჩეველთა საბჭომ არ გაითვალისწინა ის პროგრესი, რომელიც ტელევიზიას, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჰქონდა. ეს პროგრესი გამოიხატებოდა, მათ შორის, სარედაქციო დამოუკიდებლობასა თუ იმ რეფორმებში, რომლებიც ნათია კაპანაძის თაოსნობით ხორციელდებოდა. და ეს პროგრესი დასტურდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითა და მონიტორინგებით.

რაც შეეხება იმ ზეგავლენას, რაც ამ გადაწყვეტილაბას მედიაგარემოზე შეიძლება ჰქონდეს – ეს სწორედაც არის იმ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელება, რომელიც ქვეყანაშია ბოლო წლებში მედიის და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში”, – ამბობს მამუკა ანდღულაძე.

ანდღულაძის თქმით, აჭარის ტელევიზია იყო მაგალითი იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შესაძლებელია იმ რეფორმების გატარება, რაც მას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პლატფორმად გახდის. იმპიჩმენტი კი სიგნალია, რომ მიუხედავად პროგრესისა, არხის ხელმძღვანელს მრჩეველთა საბჭოსგან მხარდაჭერა შეიძლება მაინც არ ჰქონდეს.

“თუ შევადარებთ 2015-2016 წლების მონიტორინგებს, ამ წლებში აჭარის ტელევიზია ხელისუფლების მიმართ ძალიან ლოიალური იყო, ნათიას შემდეგ კი ეს ტენდენცია შეიცვალა. შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცესს ჩვენ პოლიტიკური ჭრილის გარეშე ვერ დავინახავთ. ეს არის პოლიტიკური დისკურიის ნაწილი.

ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება უკმაყოფილო იქნება ამ გადაწყვეტილებით. თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელსა თუ სხვა ტელეკომპანიებში ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლება აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენებით დაინტერესებული უნდა იყოს.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბჭოს წევრებს კანონმდებლობით დამოუკიდებლობის გარანტიები აქვთ. თუ, სიტყვაზე, ისინი იგრძნობდნენ, რომ არსებობდა რაიმე ზეგავლენა გარედან, რომელსაც ისინი არ ეთანხმებოდნენ და განიცდიდნენ, მათ თავისუფლად შეეძლოთ ამის შესახებ ეთქვათ. თუმცა ამ დროისთვის ფაქტი ერთია, თუ გავითვალისწინებთ, რა ხდებოდა ადრე, დღეს კვლავ აქტუალური ხდება საფრთხე, რომ აჭარის ტელევიზია შეიძლება კვლავ ლოიალური გახდეს ხელისუფლების მიმართ”, – განმარტავს მამუკა ანდღულაძე.


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 აპრილს, გადააყენა. როგორც ნათია კაპანაძემ თქვა, მრჩეველთა საბჭო დოკუმენტებს არ გაეცნო და ისე მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა ყველას აზრს პატივს სცემს.

ხუთწევრიანმა მრჩეველთა საბჭომ, ოთხი ხმით ერთის წინააღდმეგ, ნათია კაპანაძე დღეს გადააყენა.

ვრცლად:

ნათია კაპანაძე გადაყენების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან