ნეტგაზეთი | აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე გადააყენა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე გადააყენა – Netgazeti

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე გადააყენა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 აპრილს, მხარი დაუჭირა დირექტორისთვის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას. კაპანაძის გადაყენებას მხარი ხუთკაციანი საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა.

სანამ მრჩეველთა საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს, მის მოვალეობას დირექტორის პირველი მოადგილე ნათია ზოიძე შეასრულებს.

რა პროცესები უძღოდა წინ 19 აპრილის განხილვას

ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადება 11 აპრილს საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. ისინი აცხადებენ, რომ მისი მართვის პირობებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში შეიქმნა კრიზისი როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ისე – პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კუთხით. ასევე, აღნიშნული ორი წევრის მოსაზრებით, კაპანაძე არასათანადოდ ხარჯავს მაუწყებლის ბიუჯეტს. თავად ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.

წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევზიის სამეთავლყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 18 აპრილს გაავრცელა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა,ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ასევე, აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

ნათია კაპანაძე გადაყენების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.