ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი დაიდება, ენმ-დან მოდის თუ ჩვეულებრივი კრიმინალები არიან გამტაცებლები

15 ოქტომბერი, 2014 • 1012
შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი დაიდება, ენმ-დან მოდის თუ ჩვეულებრივი კრიმინალები არიან გამტაცებლები

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორხელიძის გატაცებაში “ნაციონალური მოძრაობის” კვალი “გონივრული ეჭვის” საფუძველზე დაინახა. პრემიერის თქმით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, რომლებიც გასული წლების განმავლობაში ადამიანებს იტაცებდნენ და აწამებდნენ.

 

“ეს არის პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ხელწერა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ხურჩის ტერაქტი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს. მინდა საბოლოო გაფრთხილება მივცე, რომ გონს მოეგონ,” – განაცხადა პრემიერმა.

 

დღეს პროკურორმა თენგიზ ხარებავამ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იყო, როგორც სოდ-ის და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების ბრალმდებელი ადამიანის გატაცების საქმეში, განაცხადა, რომ ამ საქმეში ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე ინფორმაციას არ ფლობს:

 

“ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი რა შუაშია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მე ეგეთ ინფორმაციას არ ვფლობ,”– თქვა ხარებავამ.

 

შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება გრძელდება, რომლის შემდეგაც გაირკვევა, აქვს თუ არა ამ საქმესთან კავშირი ნაციონალურ მოძრაობას:

 

„განცხადება გაკეთდა, როგორც მოგეხსენებათ, ყველამ ნახეთ. იგივე შემიძლია გავიმეორო – მოხდა ადამიანის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და დემოკრატიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია სიტყვის თავისუფლება.

 

ძიება მიმდინარეობს, ყველაფერი დაიდება – საიდან მოდის ეს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის თუ ჩვეულებრივი კრიმინალები არიან ეს ყველაფერი,  ძიება დაადგენს და განცხადება გაკეთდება ნამდვილად,“ – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

12 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელი დურმიშხან ღვარჩლიანი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) თანამშრომლები – ჯემალ შონია, ალექსანდრე ჭანტურია და გიორგი ქალდანი ანგარებით ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავა. მათ 15 ოქტომბერს სასამართლომ წინასასამართლო სხდომამდე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი