შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია.
მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“ .
“სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე), მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე, მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა, მეტსახელად „ჯვარსკი“, მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის- დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს ცნობით, ჩხრეკის შედეგად კომპიუტერულ ტექნიკასა და მობილურ ტელეფონებთან ერთად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.








