უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ამბობს, რომ ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთისა და რუსეთის ინტერგრაციის შესახებ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ეს არის აფხაზეთის ანექსიის მცდელობა იმ განსხვავებით, რომ ფორმალურად ნარჩუნდება დამოუკიდებლობა.
“ეს არის მისი ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება. თუმცაღა ერთგვარი მოდერნიზებული ფორმით, ვინაიდან სახელწმფოებრიობას უნარჩუნებენ ამ ხელშეკრულებით აფხაზეთს”, – ამბობს იმერლიშვილი.

უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმერლიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ამ ხელშეკრულების შეფასება გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა, მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უშიშროების საბჭოც იხელმძღვანელებს.
კითხვაზე, უნდა შეცვალოს თუ არა საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა, უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ მინიმუმ უნდა გადახედოს საქართველომ რუსეთთან ურთიერთობას. იმერლიშვილის თქმით, ხელშეკრულების პროექტი ჟენევის ფორმატზე მოახდენს გავლენას.
“რბილ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო აწარმოებს რუსეთთან კულტურულ ეკონომიკურ, სავაჭრო ასპექტში… ამ ფონზე მე თედო ჯაფარიძეს დავეთანხმებოდი. როდესაც ასეთი ფონია რუსეთის მხრიდან, [რუსეთთან ურთიერთობას], მეც, ყოველ შემთხვევაში, განხილვის საგნად ვაქცევდი,” – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.
პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.







