ახალი ამბები

გარემოსდაცვითი აუდიტის მოთხოვნა და RMG-ის ბუნდოვანი პირობა

15 ოქტომბერი, 2014 • • 1750
გარემოსდაცვითი აუდიტის მოთხოვნა და RMG-ის ბუნდოვანი პირობა

გარემოსდაცვითი ტექნიკური აუდიტის ჩატარება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა მოითხოვეს, ხოლო აუდიტის შესახებ რეკომენდაციები და შენიშვნები “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა” (CENN) გაუწია.

CENN-ის შეფასებით, აუდიტი უნდა ჩაატაროს კვალიფიციურმა კომპანიამ, რომელსაც არ ექნება ინტერესთა კონფლიქტი. აუდიტმა უნდა გაზომოს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურება, ფუჭი ქანების მართვა და დახურული კარიერების რეკულტივაციის გეგმა უნდა შეიმუშავოს.

აუდიტის პირობებზე მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო აუდიტორი კომპანია ტენდერის საფუძველზე შეირჩევა, აუდიტის სახსრებს კომპანია RMG დაფარავს. თუმცა RMG აუდიტის შედეგების სრულად გასაჯაროვების პირობას არ დებს.

“კომპანიას აქვს უფლება, რომ არ გაასაჯაოროვოს ყველაფერი. ნაწილი გაასაჯაროვოს, ნაწილი არა. ამ წუთში ვერაფერს გეტყვით, ეს უკვე ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. დღევანდელი ინფორმაციით გასაჯაროვდება, თუმცა კომპანია იტოვებს უფლებას რაღაც თავები არ გაასაჯაროვოს”, – განაცხადა RMG Gold-ის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ კვარაცხელიამ.

 

სოფლების – დიდი ბოლნისის, ბალიჭებისა და დაბა კაზრეთის მცხოვრებელებმა 2014 წლის თებერვლიდან შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური პრობლემებით არის დაინტერესებული. მათი აზრით,  ეკოლოგიური მდგომარეობა წლების განმავლობაში RMG Gold-ის მიერ ცატარებული სამუშაოების შედეგად არის გაუარესებული.

საინიციატივო ჯგუფის წევრი ზურაბ მჭედლიძე ამბობს, რომ RMG-ის სამუშაოების გამო ბოლნისის მცხოვრებლებს აწუხებთ ხმაური, აფეთქებების გამო -მტვერი ასევე, ციანიდით ჰაერისა და წყლის დაბინძურება.

მჭედლიძის თქმით, მათ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას:კაზრეთის რწმუნებულსა და დმანისის მუნიციპალიტეტს, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროს, თუმცა, როგორც იგი ამბობს, მათგან დასაბუთებული პასუხი არ მიუღიათ.

 

“იმის გამო, რომ სახელმწიფოში არ არსებობს კანონები, რომ მოვითხოვოთ აუდიტი რომ ჩატარდეს, საზღვარს ვეღარ გადავა კომპანია, მაგის იმედი მაინც გვაქვს,” – ამბობს ზურაბ მჭედლიძე.

დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ ზურაბ აკოფაშვილს RMG-ის გულწრფელობის არ სჯერა:

 

“კაცი, რომელიც ფულს იმაში იხდის, რომ თავისი დანაშაული დაამტკიცოს, საეჭვოა. ანუ ეს ადამიანები ან მართლაც მართლები არიან, ან ეჭვი ჩნდება, რომ ხვალ და ზეგ კომპანია, რომელიც შემოვა, დაგვიდებს დასკვნას, რომ ჩვენ არ გვექნება შემდგომში ეჭვის საფუძველი. დასკვნას გვაფარებენ სახეზე და დამთავრდება ამით ყველაფერი. მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს ეს აუდიტი”.

 

კახა ბახტაძემ, CENN-ის პროექტების მენეჯერმა, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ RMG-ის დახურულ საწარმოში შესვლის ნებართვა მხოლოდ ერთხელ მიიღეს და დაათვალიერეს მხოლოდ ის ადგილები, რომელიც კომპანიამ აჩვენა. ზედაპირული დათვალიერებით მან მოამზადა სალიცენზიო ტერიტორიის მიმოხილვითი ანგარიში, რომელიც დღეს კლუბ “ფრონტლაინში” დმანისისა და ბოლნისის მოსახლეობის ნაწილსა და საკითხით დანტერესებულ პირებს გააცნო.

 

ბახტაძის თქმით, ადგილზე საკმაოდ დიდია დაბინძურება. დაბინძურებლია მდინარე მაშავერა და მისი შენაკადი მდინარე კაზრეთულა. მან ნახა მდინარეში დაბინძურებული წყლის პირდაპირი ჩაშვების კვალიც.

 

იგი ამბობს, რომ შესაცვლელია ტექნოლოგია და ტექნიკა საწარმოში. ბახტაძემ მაგალითად მოიყვანა ოქროს შემცველი ქანების დამუშავების წესი. მისი თქმით, ციანიდის ხსნარს მადნის შემცველ ქანებზე ასხურებენ, ციანიდის დასხურება კი ხელს უწყობს ჰაერში გაფრქვევას. ამიტომ წვეთოვანი მორწყვის სისტემით ციანიდით დამუშავება ბევრად უკეთესი იქნება.

 

“ტექნოლოგია და ტექნიკა ადგილზე შესაცვლელია. თუ გაინტერსებთ საბჭოთა კავშირის ნახვა, შეგიძლია შეხვიდეთ და შიგნით ნახოთ საბჭოთა კავშირი. დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა”, – კახა ბახტაძეს ამ შეფასებისთვის RMG-ის წარმომადგენლმა ნიკა კარიჭაშვილმა მადლობა გადაუხადა.

 

კომპანიიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხელ კვარაცხელიამ კი საჯარო განხილვაზე CENN-ის შეფასებების კომენტირებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აბინძურებს თუ არა კომპანია გარემოს, ამას დამოუკიდებელი აუდიტი გაარკვევს.

 

აუდიტს რამდენიმე თვე ან ერთი წელიც შეიძლება დასჭირდეს, ამბობს კახა ბახტაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტაში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს. გარემოს დამცველს მიაჩნია, რომ კანონი გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაკეთებას კარიერის გახნისას კომპანიას არ ავალდებულებს.

 

მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში წიაღისეულის შესახებ კანონი უნდა გამოსწორდეს; გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და ეს საკითხები კონკრეტულ რეგულაცებში უნდა გაიწეროს, რომელიც დაადგენს, თუ რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საწარმომ და რა პირობები უნდა დააკამყოფილოს სახელმწიფომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი