ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნეგატიური გამოხმაურებები რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების პროექტზე სოხუმსა და თბილისში

15 ოქტომბერი, 2014 • • 1299
ნეგატიური გამოხმაურებები რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების პროექტზე სოხუმსა და თბილისში

“ყოველთვის ვამბობდი, რომ პრინციპში ხელშეკრულება, რომელიც 2008 წლიდან არსებობს, სრულიად მისაღებია და ყველა მოთხოვნას პასუხობს, მით უმეტეს, რომ ის 80-ზე მეტ სახელმწიფოთაშორის და უწყებათაშორის ხელშეკრულებას მოიცავს. უბრალოდ საჭირო იყო მათი შინაარსით შევსება და ყველა საკითხი გადაწყდებოდა,”- აცხადებს ბგანბა ეხოკავკაზა-სთან საუბარში. 

 

მისივე თქმით, აფხაზეთის პარლამენტშიც ყველას იგივე რეაქცია აქვს. 

 

“დეპუტატების რეაქციაც არის ასეთი, რომ კითხვები პასუხებზე მეტია. არ მინდა ისეთ ფორმულირებას მივმართო, რომ ეს “ნეგატიურია,” მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს რეაქცია ამ ტერმინთან ახლოსაა, ვინაიდან ბევრ პუნქტში საუბარია სუვერენიტეტის დაკარგვაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, დეპუტატების რეაქციები ვერ იქნებოდა დადებითი.” 


კითხვაზე, კონკრეტულად რა არ არის მისაღები შეთანხმების პროექტში, ბგანბას თქმით, მაგალითად, ეს არის ერთობლივი შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა.


“ამასთან, სრულიად გაუგებარია, ჩვენი თავდაცვის სამინისტრო თავისი სტრუქტურებით იქნება თუ არა შენარჩუნებული.” 


რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების პროექტი მისაღები არც თბილისისთვისაა.


“სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია და ე.წ. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას,”- წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 


საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში “აღნიშნული ქმედება შეფასდება როგორც აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით.”

 

“მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისობრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას,”- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.


რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების პროექტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის თემაც გახდება. 


ზურაბ აბაშიძის განცხადებით, აღნიშნული ფორმატის [საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინთან შეხვედრების ფორმატი] თემა ეს საკითხი არ არის, თუმცა, როგორც აბაშიძე ამბობს, საუბრის დროს მას გვერდს ვერ აუვლიან.

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

 

შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. 

 

პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. 

 

შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი