ახალი ამბები

ჩვენ, ყველანი ერთად, აღვადგენთ ნოტრ–დამს – მაკრონი

16 აპრილი, 2019 •
ჩვენ, ყველანი ერთად, აღვადგენთ ნოტრ–დამს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხანძრით დაზარალებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად კამპანიის დაწყება და ფონდის გახსნა დააანონსა. აღნიშნულის შესახებ მან ტაძრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ შევძელით, აგვეგო ეს ტაძარი 800 წლის წინ და საუკუნეების მანძილზე გაგვეფართოებინა, გაგვეუმჯობესებინა ის. ამ საღამოს, სრული გულწრფელობით გეუბნებით, ჩვენ აღვადგენთ მას, ყველანი ერთად”, – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ეროვნული ფონდი ტაძრის აღდგენისათვის ხვალვე დაფუძნდება.

წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შემთხვევით გაჩნდა. ამის შესახებ The Guardian პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია. თავდაპირველად ვრცელდებოდა წინასწარი ცნობები, რომ ცეცხლის გაჩენა ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის მანძილზე განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს იყო მოდებული და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა.

ბოლო ცნობებით, მიუხედავად ზარალისა, მეხანძრეებმა ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი