ახალი ამბები

ბესელიამ იურიდიული კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა

15 აპრილი, 2019 • 785
ბესელიამ იურიდიული კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა

დეპუტატმა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მსჯელობენ.

როგორც ბესელიამ განაცხადა, კომიტეტზე საკითხის განხილვას არავითარი აზრი არ აქვს.

“სამწუხაროდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესების გამტარებელია. ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის სურვილებს და ნებას. როდესაც კომიტეტი ამ ფორმით გამოხატავს უპატივცემულობას საკითხისადმი, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს, იქ შინაარსობრივი საუბარი შეუძლებელია. ამიტომ დღეს პირადად მე პროტესტი ამ ფორმით გამოვხატე, რომ ამ სხდომაში მონაწილეობას არ მივიღებ. ამ საკითხებზე ძალიან მწვავე დისკუსიებს პლენარულ სხდომაზე გავაგრძელებ, როცა ეს საკითხი გამოვა”,- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, იურიდიული კომიტეტი პროცედურებს დემონსტრაციულად არღვევს, ისევე როგორც პირობას, რომ ვიდრე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნებოდა, საკითხს მეორე მოსმენით არ განიხილავდნენ.

“ეს ნიშნავს, რომ ყველფრის ფასად ხდება კობახიძის იმ პროექტის გატანა, რომელიც რეალურად არც მისი კაბინეტის დაწერილი არ არის. ეს დაწერილია იმ ჯგუფის მიერ, ვინც  ათკაციანი სია შეადგინა და ლობირებდა”,- აღნიშნა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც.

იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ვენეციის კომისიას მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი