ახალი ამბები

იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ვენეციის კომისიას მიმართავს

1 აპრილი, 2019 • 1468
იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი ვენეციის კომისიას მიმართავს

იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართავს და მოუწოდებს, კანონპროექტის განხილვისას, მის კონსტიტუციურობასთან ერთად, მხედველობაში მიიღოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარება.

როგორც იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებაში არის ნათქვამი, 2018 წლის დეკემბრის მოვლენებმა, ისევე როგორც მანამდე გატარებულმა საკადრო პოლიტიკამ, მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობა მიზნად ისახავს არა მართლმსაჯულების რეალური დამოუკიდებლობის გაძლიერებას დამოუკიდებელი მოსამართლის მეშვეობით, არამედ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას და კლანური ერთგულების ნიშნით სასამართლო სისტემის დაკომპლექტებას.

“ბოლო წლებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ არაკეთილსინდისიერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირობებში, სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია კარგი საკანონდებლო ბაზითაც კი, არათუ ბუნდოვანი, საეჭვო კანონებით”, – ნათქვამია მიმართვაში.

იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს არსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი კანდიდატების წარდგენას, არამედ პირიქით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საკანონმდებლო ორგანო ცდილობს, გაუადვილოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისთვის სანდო კადრებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და ამისთვის აძლევს მოქნილ მექანიზმებს, როგორიცაა, მაგალითად, კონკურსში დასაშვებ კანდიდატთა რიცხვის თვითნებური შეზღუდვა, ფარული კენჭისყრა, გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, ინტერესთა კონფლიქტის დაურეგულირებლობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასასურველი კადრის დაბლოკვა რაიმე დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე.

“2019 წლის 17 მარტს ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდეთ, მიიღოს სპეციალური რეზოლუცია, რომელიც შეფასებას მისცემს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და იმსჯელოს საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომელიც მიმართული იქნება სასამართლოს მმართველობიდან კლანის ჩამოცილებისკენ. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები უნდა ამოქმედდეს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადადგომის და საბჭოს რეორგანიზაციის შემდეგ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისია ყურადღებით მოეპყრას ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ კონტექსტს და კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან ერთად იმსჯელოს იმაზეც, თუ რამდენად პასუხობს კანონპროექტი არსებულ გამოწვევებს, აძლიერებს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, ინდივიდუალურ მოსამართლეს თუ კლანურ მმართველობას სასამართლოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე საკანონდებლო პროცესს და მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზადაა.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • მაია ბაქრაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი;
  • ანა ნაცვლიშვილი – სამართლის პროფესორი (ჯიპა) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;
  • კახა წიქარიშვილი- სამართლის პროფესორი (ჯიპა), მოსამართლეთა დისციპლინური კოლეგიის ყოფილი წევრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე;
  • კახა კოჟორიძე – იურიდიული კომპანიის „კოჟორიძე და ბიზნეს კონსალტინგი“ მმართველი პარტნიორი, ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების მიმართულებით;
  • ირაკლი კორძახია – ადვოკატი, საადვოკატო ბიუროს „კორძახია, ჟღენტი“ დამფუძნებელი, ადვოკატთა ეთიკის კომისიის წევრი;
  • ლია მუხაშავრია – ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობის მიმართულებით;
  • ბესიკ ლოლაძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
  • უჩა ნანუაშვილი – საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი;
  • თამარ ლალიაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი (საქართველოს უნივერსიტეტი), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
  • დავით ჯანდიერი – სამართლის დოქტორი, პროფესორი (ჯიპა) იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

 

 

 

 

 

 

 

 

მიმრთვა ვენეციის კომისიას

მოგესალმებით,

იურისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა მიმართვა გავუგზავნეთ ვენეციის კომისიას.

გიგზავნით შესაბამის ინფორმაციას და დოკუმენტებს.

ჯგუფის სახელით, დღეს მე ასევე შეხვედრა მექნება კომისიის წარმომადგენლებთან.

პატივისცემით,
ანა ნაცვლიშვილი

 

მიმართვის ხელმომწერები:

მაია ბაქრაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი

ანა ნაცვლიშვილი – სამართლის პროფესორი (ჯიპა) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

კახა წიქარიშვილი- სამართლის პროფესორი (ჯიპა), მოსამართლეთა დისციპლინური კოლეგიის ყოფილი წევრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე

კახა კოჟორიძე – იურიდიული კომპანიის „კოჟორიძე და ბიზნეს კონსალტინგი“ მმართველი პარტნიორი, ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების მიმართულებით

ირაკლი კორძახია – ადვოკატი, საადვოკატო ბიუროს „კორძახია, ჟღენტი“ დამფუძნებელი, ადვოკატთა ეთიკის კომისიის წევრი

ლია მუხაშავრია – ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლობის მიმართულებით

ბესიკ ლოლაძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

უჩა ნანუაშვილი – საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი

თამარ ლალიაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი (საქართველოს უნივერსიტეტი), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

დავით ჯანდიერი – სამართლის დოქტორი, პროფესორი (ჯიპა) იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი