ნარკოტიკის ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოვავლინეთ – შსს

პოლიციამ თბილისში ორი ადამიანი დააკავა, რომელთაც ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა და მისი ინტერნეტით გასაღება ედებათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

შსს-ს თანახმად, 1975 წელს დაბადებული პირი “ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში სარეალიზაციოდ ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს”, შემდეგ კი აფასოებდნენ და სამალავებში ათავსებდნენ.

“დაჯგუფების წევრები აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდნენ, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდნენ”, – აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული სამალავიდან ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდმაცავებმა ზემოთ ხსენებული პირის ბინისა და იქ მყოფთა ჩხრეკისას ასევე ამოიღეს დიდი ოდენობით „ემბაუმი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და​ ე.წ. „ბიო“. უწყება აცხადებს, რომ პირადი ჩხრეკა ბინაში მყოფ 6 პირს ჩაუტარდა.

ორივე დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. შსს-ს ცნობით, მხილებულნი არიან დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც.

გამოძიება  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან