ნეტგაზეთი | ჯინჯიხაძე: დირექტორის იმპიჩმენტი იქნება დარტყმა “აჭარის TV-ის” სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ჯინჯიხაძე: დირექტორის იმპიჩმენტი იქნება დარტყმა “აჭარის TV-ის” სარედაქციო დამოუკიდებლობაზე – Netgazeti

ჯინჯიხაძე: დირექტორის იმპიჩმენტი იქნება დარტყმა “აჭარის TV-ის” სარედაქციო დამოუკიდებლობაზე

იმ შემთხვევაში, თუ მრჩეველთა საბჭო მხარს დაუჭერს დირექტორის იმპიჩმენტს, ეს გადაწყვეტილება დიდი დარტყმას მიაყენებს აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას, – აცხადებს ხატია ჯინჯიხაძე, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიის პროგრამის მენეჯერი.

საუბარია აჭარის ტელევიზიის დირექტორზე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი 11 აპრილს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა.

“ამჟამად რთული სათქმელია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ინიციატივა. ეს არის საბჭოს მხოლოდ ორი წევრის წინადადება და, ალბათ, პროცესი გვაჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ საბჭოში კიდევ სამი წევრია. მე პირადად ასე ვუყურებ მოვლენებს: გავეცანი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებებს სხვადასხვა მედიაში და მომეჩვენა, რომ მას საკმაოდ გონივრული პოზიცია აქვს. ის ხედავს მაუწყებელში მიმდინარე დადებით მოვლენებს, გარკვეულ პროგრესს, მაგრამ აქვს კრიტიკული დამოკიდებულებაც მმართველობის მიმართ”, – ამბობს ჯინჯიხაძე.

მისი თქმით, საბჭოს წევრები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ:

“დღეს [მრჩეველთა საბჭოს] ყველა წევრი უნდა დაფიქრდეს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოიტანოს იმპიჩმენტმა, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსზე, მის მისიაზე. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, ამ შემთხვევაში დირექტორის საკითხი, ეს არის არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი და ამ საბჭოში არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით, თუ რა არის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

მე მგონი, მრჩეველთა საბჭო შეძლებს, გონივრულად იმოქმედოს და შეაფასოს ნათია კაპანაძის მუშაობა არა დღევანდელი მდგომარეობის, არამედ მისი 3-წლიანი მუშაობის მიხედვით. ეს იქნება უფრო გონივრული მიდგომა, ვიდრე რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რასაც, ჩემი აზრით, სრულიად არ იმსახურებს აჭარის მაუწყებლის დღევანდელი დირექტორი. მგონი, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ მისი დირექტორობის პირობებში აჭარის მაუწყებელი გახდა თავისუფალი მედია, ის ნელ-ნელა უახლოვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს და ხდება საზოგადოებრივი ინტერესის გამტარებელი.

ეს ის მიღწევებია, რომლებსაც აღიარებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. ნათია კაპანაძე საბჭოს სხდომებზე არაერთხელ გამხდარა კრიტიკის- ზოგჯერ დამსახურებულის, ზოგჯერ კი, პირიქით –  სამიზნე და საბჭოს მოვალეობაც სწორედ ეს არის, ამ პროცესში იყოს ჩართული და იზრუნოს იმაზე, რომ არხი გახდეს კიდევ უფრო უკეთესი”.

ხატია ჯინჯიხაძე ამბობს, რომ საზოგადოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, დასვას კითხვები და მიიღოს კონკრეტული პასუხები როგორც დირექტორისგან, ასევე, საბჭოს წევრებისგან:

“ჩემი, როგორც დამკვირვებლის თვალსაზრისით, დღესდღეობით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე უფრო ახლოს დგას საზოგადოებრივი მაუწყებლობის დანიშნულებასთან, ამიტომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი მხოლოდ საბჭოს წევრებისთვის არ უნდა გახდეს მსჯელობის საგანი.

ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოება, რომლისთვისაც ძვირფასია, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა, უნდა მიიღოს ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა და აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დასვას კითხვები და მიიღოს კონკრეტული პასუხები როგორც დირექტორისგან, ასევე, საბჭოს წევრებისგან… განსაკუთრებით იმ წევრებისგან, რომლებიც ასე მოითხოვენ დღეს დირექტორის იმპიჩმენტს”.

ის ამბობს, რომ  გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭო ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს:

“როდესაც ნათია კაპანაძე აირჩიეს დირექტორად, მას საკმაოდ რთული პროცესის გავლა მოუწია და ყველა იყო გაკვირვებული იმიტომ, რომ ჩვენ გვჩვევია, კონკრეტული ადამიანების მიღმა კონკრეტული პოლიტიკური ძალები ვეძებოთ. ნათია კაპანაძე კი არის ის ადამიანი, რომლის მიღმაც არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის. ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია. ის არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ჟურნალისტების უფლებებსა და მედიათავისუფლებას. შესაბამისად, რადგან მისი იქ ყოფნა გარკვეული გარანტიაა იმისა, რომ აჭარის მაუწყებელი თავისუფალ მედიად დარჩეს, ეს გარანტია მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს.

მხოლოდ ნათია არ არის ის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა. მის გვერდით დგანან აჭარის მაუწყებლის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებსაც მასთან ერთად წინ მიჰყავთ მაუწყებელი, ამიტომ  გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭო ძალიან ბევრ საკითხზე უნდა დაფიქრდეს”.


მოკლედ: 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის წინადადებით მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა განცხადება 11 აპრილს შეიტანა ბორდში. გადაწყვეტილება საბჭომ 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

12 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრჩეველთა საბჭოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდეს.

სარედაქციო დამოუკიდებლობას უპირისპირდება — „აჭარა TV“ დირექტორის იმპიჩმენტის ინიციატივაზე

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან