ახალი ამბები

2019 წლის 3 თვეში ირანიდან ვიზიტების რაოდენობა 56%-ით შემცირდა

11 აპრილი, 2019 • 1390
2019 წლის 3 თვეში ირანიდან ვიზიტების რაოდენობა 56%-ით შემცირდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის სამ თვეში ტურისტების რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა, თუმცა, მნიშვნელოვნად,  56.5%-ით შემცირდა ირანიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა.

მიმდინარე წლის სამ თვეში (იანვარი-თებერვალი-მარტი) ირანიდან სულ 30 454 ვიზიტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 40 ათასით ნაკლებია 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

თუმცა მანამდე ირანიდან ტურისტების ზრდის დინამიკა იყო – 2018 წელს ირანიდან განხორციელებული ვიზიტები 2017 წელთან შედარებით 3 %-ით გაიზარდა და მე-6 ადგილზე იყო საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობით.

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემები დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის სამ თვეში საქართველოში 1 617 548 საერთაშორისო  მოგზაურთა  ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2%-ით მეტია.

რამ გამოიწვია ირანიდან განხორციელებული ვიზიტების ასეთი მნიშვნელოვანი კლება? საქართველოს ხელისუფლების განმარტება უცნობია, თუმცა  17 დეკემბერს საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისთვის ორგანიზებული ხასიათის მიცემა.

მისი თქმითვე, არ აქვს ზუსტი სტატისტიკა, თუ რა კატეგორიის მოქალაქეებს ეუბნებიან ყველაზე ხშირად საქართველოში შემოსვლაზე უარს – მათ, ვინც წლის განმავლობაში 45 დღე უკვე დაჰყვეს საქართველოში და ხელმეორედ გადაკვეთეს საზღვარი, თუ მათაც, ვინც ქვეყანაში პირველად შემოდის. თუმცა, ელჩის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აქ დასაქმებულ ირანელებს, სტუდენტებს და მათაც, ვინც საქართველოს პირველად სტუმრობდნენ.

“ბოლო პერიოდში ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა ცოტა გართულდა. მიგვაჩნია, რომ საკითხი უნდა იქნას გადაჭრილი. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ თუკი არსებობს პრობლემა ირანის მოქალაქეების მხრიდან, მათ უნდა დაიცვან შემოსვლის წესები, მაგრამ თუ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზი, ვფიქრობთ, მყისიერად უნდა მოხდეს ახალი რეგულაციების შემოღება, დახვეწა, შესწორება, რომ ირანის მოქალაქეები არ იყვნენ უკმაყოფილონი”, – განაცხადა ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი