ახალი ამბები

დაურეგისტრირებელი გიდები ყველგან ვერ იმუშავებენ — კანონპროექტი

1 ივნისი, 2023 • 1536
დაურეგისტრირებელი გიდები ყველგან ვერ იმუშავებენ — კანონპროექტი

ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული ტურიზმის შესახებ კანონპროექტი.

სხვა ცვილელებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს  სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის შემოღებასაც. კერძოდ,  მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა საჭიროა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი მოძველებულია.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ტურიზმის კანონმდებლობის ხარვეზები სახელმწიფოს აყენებს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, ადეკვატურად უზრუნველყოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და უნიკალური სერვისების შეთავაზება.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს პროფესიული საკვალიფიკაციო ჩარჩოს არარსებობა, რომელიც განაპირობებს არაჯანსაღ კონკურენციას.

„ტურიზმის სფეროს შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია განახლებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებას, რაც დარგს მისცემს ხარისხის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის გარანტიებს, კონკურენციის განვითარებას. დღეს მოქმედი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წელს და ვერანაირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სექტორის წინაშე დგას დღეისათვის. გარდა ამისა, ტურისტული მომსახურების არსებული რეგულაციების შეცვლა და ვროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ძირითადი არსი:

  • სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
  • განისაზღვრება ტურ-ოპერატორის და კომბინირებული ტურისტული ხელშეკრულების მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების შესრულება/უზრუნველყოფა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევით ან/და ფინანსური/საბანკო გარანტიით;
  • განისაზღვრება მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების, მათ შორის სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის რეგულირების საკითხები. კანონპროექტით, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების/აქტივობების სია და განხორციელების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით/ტექნიკური რეგლამენტით.
  •  სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების მოპოვება ხდება აკრედიტირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული პირების მეშვეობით;
  • მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის. მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მოპოვებისთვის წინაპირობები განისაზღვრება  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უნიფიცირებულ სტანდარტებს ტურისტულ პაკეტთან და დაკავშირებული მოგზაურობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება ტურისტული პაკეტის ცნება.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია მოგზაურობის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.

ამასთან, ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მისი ღირებულების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში მკაფიოდაა მითითებული აღნიშნულის შესახებ, ასევე, მითითებულია ტურისტის უფლება ფასის
შემცირების მოთხოვნის შესახებ. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული ფასის შეცვლის და გამოთვლის წესი.

ტურ-ოპერატორებისათვის სიახლეს წარმოადგენს ფინანსსური გარანტიის(უზრუნველყოფის) ქონა, ტურისტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზნით. რაც ტურისტს უფლებას აძლევს მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. კანონპროექტით, ასევე განისაზღვრა ვალდებულების უზრუნველყოფის ფარგლები, რაც ტურ-ოპაეტორის მიერ უნდა იყოს წარმოდგენილი.

კანონპროექტი ასევ ითვალისიწნებს ჯარიმებს ტურიზმის შესახებ კანონმდებლობის
დარღვევისთვის. კერძოდ:

  • სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობა პერსონალის სერტიფიკატისა და/ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500- დან 1000 ლარამდე ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში 1000 -დან 2000 ლარამდე ოდენობით.
  • ტურისტული გიდისა და სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის მიერ საქმიანობის განხორციელება საიდენტიფიკაციო მოწმობის ტარების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით;
  • მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით და/ან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ფლობის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 800 -დან 1500 ლარამდე ოდენობით;  განმეორების შემთხვევაში 1600-დან 3000 ლარამდე ოდენობით;
  • ტურ-ოპერატორების და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მონაწილის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება უზრუნველყოფის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
  • ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  • ტურიზმის სფეროში კანონის აღსრულების ზედამხედველობის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ამ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
  • ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საქმიანობა ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ „ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ სტატუსის მინიჭების გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
  • საქართველოში შემოსული ვიზიტორის მიერ ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის წესის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  • „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი