ახალი ამბები

ხიდაშელი: საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის პარლამენტში საკმარისი ხმები არ არის

8 ოქტომბერი, 2014 • • 917
ხიდაშელი: საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის პარლამენტში საკმარისი ხმები არ არის

პარლამენტარის თქმით, საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი ის, რომ საქართველოში არჩევნები როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამიტომ სისტემის შეცვლა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

 

თინა ხიდაშელი საარჩვენო სისტემაში ცვლილების მსურველ არასამთავრობო ორგანიზაციებს ურჩევს, რომ საჯარო განცხადებების გავრცელებას ჯობს, საკონსტიტუციო კომისიას მიმართონ:

 

“მიმდინარეობს ქვეყანაში კონსტიტუციური პროცესი, რომლის მონაწილეები ისინიც არიან-კომისიის წევრები არიან, და ეს პრეტენზიები ჯერ რომ კომისიაში წარმოადგინონ და მერე პრესკონფერენციები ჩაატარონ, უფრო წესიერი საქციელი იქნება მათი მხრიდან.”

ხიდაშელის განმარტებით, იგი მხარს უჭერს რეგიონულ-პროპორციული სისტემას, მას  ხელისუფლებაც ეთანხმება, თუმცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა არ არის.

 

“ღია კარს რატომ ამტვრევენ, არ მესმის. უამრავჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ მომხრე ვართ ამ სისტემის. საქართველოში ყველამ იცის, რომ კონსტიტუციას ჩვენ ვერ ვცვლით. სამწუხაროდ, საკმარისი რაოდენობა ხმების არ გვაქვს. ვითარებას თუ გაანალიზებენ, მიხვდებიან, ადრესატი ვინ არის.”

 

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ქალებისთვის სავალდებულო კვოტირების შემოღების მომხრე იმ შემთხვევაში იქნება, თუ, დაარწმუნებენ, რომ კვოტირება, როგორც დროებითი მოვლენა, იქნება შედეგის მომტანი:

“ეს თემა სერიოზული დისკუსიის საგანია 15 წელია და ამ მიმართულებით, როგორც ვიცი, გენდერულ საბჭოსთან მიმდინარეობს მუშაობა. არ ვარ ამ საბჭოში და არ ვიცი, რა ეტაპზეა. ცალსახად არ ვარ მომხრე. თუ ვინმე დამარწმუნებს იმაში, რომ დროში შემოსაზღვრული ღონისძიება კანონში ჩაწერილი იქნება და რა შედეგს მოგვიტანს მომავალ პერსპექტივაში, მე, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არ ვიქნები, პირიქით, სიამოვნებით დავეთანხმები.”

 

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, “საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” განცხადება გაავრცელეს, სადაც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ წარმომადგენლობითი ორგანოები უნდა დაკომპლექტდეს მხოლოდ პრპორციული სიით და არა მაჟორიტარულით, უნდა დადგინდეს ბალანსი საარჩევნო ოლქებს შორის ამომრჩევლის ოდენობის მიხედვით, უნდა დაწესდეს ქალებისთვის სავალდებულო კვოტა, ნაცვლად ნებაყოფლობითი კვოტირებისა და გაიზარდოს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი