ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

კორპუსი ნომერი 15 – ანა ძიაპშიპა

11 აპრილი, 2019 • 2385
კორპუსი ნომერი 15 – ანა ძიაპშიპა

ავტორი: ანა ძიაპშიპა, დოკუმენტალისტი


სამზარეულოში ვიყავი, როდესაც გვერდზე ოთახში ჩართული ტელევიზორის ხმა მომესმა – “დევნილები შენობაში შეიჭრნენ”, “საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის მანქანებია მობილიზებული”, “მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს”. წასასვლელად ვემზადებოდი და ამ ხმებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, დიდი ხანია, ჩართული ტელევიზორი ჩემთვის აღარ მუშაობს. თუმცა ფრაზები იმდენად ნაცნობი იყო, რომ სხვა ოთახში მყოფსაც კი ყური მომჭრა, როგორც რაღაც ძალიან ნაცნობმა, თუმცა, შორეულმა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ვარიდებდი თავს იმ ამბის გაგებას, რაც ამ ხმებს უკავშირდებოდა, რადგან ვიცოდი, მაგრამ არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ 26 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერაფრით გადაჭრა  დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი. მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაინც წინ მქონდა, რადგან რთულად წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ამ 26 წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა ყველაზე მთავარში – ჩვენს დამოკიდებულებაში, რომ თურმე ჩვენს შეფასებებს მხოლოდ პოლიტკორექტულობის მყიფე ფასადი ნიღბავს და მსგავსი შემთხვევები ამ ფასადს ისე აქრობს, თითქოს არც არასოდეს არსებულა.

“სამი დღეა, გაუსაძლის პირობებში ვართ. გაზონებზე დადის ხალხი. არ ვიცი, ეს ადამიანები ვინ არიან. ღამე ვერ ჩამოვდივართ, მანქანების გაჩერება გვეშინია. ამ კომპლექსში ბინა იმიტომ შევიძინე, რომ თავი დაცულად მეგრძნო “.

სამწუხაროდ, ამ კომენტარების პათოსი არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩემი დევნილი მეგობრები და ნაცნობები მიყვებიან თბილისში გატარებულ ბავშვობაზე; არ განსხვავდება იმ ქედმაღლური დამოკიდებულებისგან, რომელსაც მეც, ჩემი გვარის წარმოთქმისას ვიღებდი  – “ანუ ლტოლვილი ხარ?!” ყველაზე მეტად ამ კითხვა-შეფასების მეშინოდა და ყოველგვარი კავშირს უარვყოფდი იმ სივრცესთან, რომელიც ამხელა ბარიერებს მიშენებდა ადამიანებთან ურთიერთობაში.

მაგრამ, დღესაც კი, “შეწუხებული” მოსახლეების დასაცავად და დევნილების გასამიჯნად კერძო კომპანია ფიზიკურ ბარიერებს – ღობეებს აშენებს. ბარიერებს, რომლებიც “დაცულად” აგრძნობინებს თავს ადამიანებს იმ ქალაქში, სადაც თითქმის არავის უფლება და უსაფრთხოება არის დაცული. ნუთუ, მათაც ჩემსავით არ ესმით სახლში ჩართული ტელევიზორის ხმა?! ან თუ ესმით, საიდან უჩნდებათ დაცულობის განცდა, იქნებ ღირს, მეც ამ კორპუსს შევაფარო თავი?!

მოსახლეობის მოთხოვნით აშენებულმა ღობემ ის მავთულხლართები მომაგონა, რომელსაც ასე გამეტებით ვაპროსტესტებთ, თუმცა ხანდახან, უნებურად ჩვენ თვითონვე ვემსგავსებით მტერს, ქვეყანას, რომლის საქციელი ასე გვაშინებს და უძლურს გვხდის. ნეტავ, რამდენ ღობეს ავაშენებდით, ჩვენ თვითონ შემოღობილები რომ არ ვიყოთ?

ჩემი ნაცნობების დიდმა ნაწილმა კერძო საკუთრებაში შეჭრა არ გაამართლა,  თუმცა, როგორც ვიცით, “დირსის” კომპლექსის მე-15 კორპუსის ბინები სამინისტრომ სწორედ დევნილების ნაწილისთვის შეისყიდა, უბინაოებს კი ყურადღების მიქცევის სხვა ფორმა და ხერხი აღარ დაუტოვა. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც მე-15 კორპუსის კუთვნილ ბინებში დევნილები შესახლდებიან? მოიხსნება თუ არა ბარიერი, ითამაშებენ თუ არა მეზობლების ბავშვები გაზონებზე ერთად, და საერთოდ, დაუბრუნდებათ თუ არა ოდესმე კორპუსის ისტორიულ მცხოვრებლებს დაცულობის შეგრძნება?


მასალების გადაბეჭდვის წესი