ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერიაში მთავრობის სხდომას ვერ დაესწრნენ

8 ოქტომბერი, 2014 •
ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერიაში მთავრობის სხდომას ვერ დაესწრნენ

თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა არ გაიარეს შესაბამისი პროცედურები, არ აიღეს საშვი და ამიტომ ვერ მოხვდნენ მთავრობის სხდომაზე. ნიკა მელია კი ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე დასწრება კანონის თანახმად საჯაროა.

 

“საშვის დაშვება მოგვთხოვეს და, ბუნებრივია, არავინ არ დაუშვა საშვი. საშვის დაშვებაც არ არის სავალდებულო განსაკუთრებით საკრებულოს წევრის, ირაკლი აბესაძის შემთხვევაში. მაგრამ მათი სურვილი არ იყო, რომ ჩვენ დავსწრებოდით და ჩვენი სათქმელი ფაქტებზე დაყრდნობით გვეთქვა,”– თქვა ნიკა მელიამ.

 

ნიკა მელიას თქმით, მერიაში მთავრობის სხდომაზე დასწრება სურდათ იმიტომ, რომ გაეპროტესტებინათ მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლა, რომ მათ დაწერონ განცხადებები გათავისუფლების შესახებ. მელია ამბობს, რომ ამ პროცესს ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობს.

 

მერიასთან მისულმა თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ თქვა, რომ მერიაში ადამიანების ჩაგვრამ სისტემური ხასიათი მიიღო

 

“შესაბამისად, ამ პროცესის ასე გაგრძელება შეუძლებელია, ამ ეტაპზე ატესტაციის ჩატარება იქნება არაობიექტური და მიკერძოებული,”– განაცხადა აბესაძემ.

თბილისის მერიაში უკვე შექმნილია თანამშრომლების ატესტაციასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია, რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი ძელმძღვანელობს. დავით ნარმანიას განცხადებით,  პარლამენტის გადაწყვეტილებით, ატესტაცია სავალდებულოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი