ახალი ამბები

პრემიერი: ვამაყობ იმ პროგრესით, რასაც ჩვენ ხელისუფლების რეფორმირების კუთხით მივაღწიეთ

1 სექტემბერი, 2014 • • 1080
პრემიერი: ვამაყობ იმ პროგრესით, რასაც ჩვენ ხელისუფლების რეფორმირების კუთხით მივაღწიეთ

პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის დამოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და განაცხადა, რომ საქართველოს, ისტორიაში პირველად, თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული მთავრობა ჰყავს, რომლის ძირითად ნაწილს ადამიანის უფლებათა დამცველები და ყოფილი დიპლომატები შეადგენენ.

 

„ჩვენ დავადგინეთ საკვანძო სფეროები, სადაც დაუყოვნებლივ იყო გასატარებელი რეფორმა – კანონის უზენაესობის აღდგენა; დამოუკიდებელი სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება; ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; თანამდებობის პირთა დაუსჯელობის აღმოფხვრა”,- განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა თითოეული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მართლმსაჯულების სისტემის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ადამიანის, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქვეყნის წინსვლისთვის ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტრადიციის გაგრძელება და თანამდებობის პირთა დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა. სიტყვით გამოსვლის დასასრულს მთავრობის მეთურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას აშშ-სა და ევროპასთან.


„რასაკვირველია, ჩვენ წინაშე დგას ბევრი რთული საკითხი, მაგრამ მე ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ მართლმსაჯულების სისტემისა და მთლიანად ხელისუფლების რეფორმირების კუთხით, რაც გულისხმობს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებას და გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, ჩემმა მთავრობამ კარგად დაიმახსოვროს და ხალხსაც შეახსენოს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა საქართველომ გაამართლოს თავისი რეპუტაცია, როგორც რეგიონში წამყვანმა დემოკრატიამ”, – მიმართა პრემიერმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი