ახალი ამბები

„სიმბოლო ურყევი სასოებისა“ — როგორ ასაბუთებს მთავრობა წილხვედრობის უქმედ გამოცხადებას

9 აპრილი, 2019 • 2787
„სიმბოლო ურყევი სასოებისა“ — როგორ ასაბუთებს მთავრობა წილხვედრობის უქმედ გამოცხადებას

„შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს“, — „ქართლის ცხოვრების“ ეს ციტატა შეგხვდებათ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრობის დღის დაწესებას ეხება.

საქართველოს პარლამენტი ამჟამად განიხილავს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს, შრომის კოდექსში ჩაიწეროს, რომ 12 მაისი უქმე დღე ღვთისმშობლის წილხვედრობის გათვალისწინებითაც არის.

12 მაისი აქამდეც უქმე დღე იყო, — მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს; თუმცა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 12 მაისი „ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედაც“ გამოაცხადა, ცვლილება შრომის კოდექსშიც შედის; ამ ცვლილებით, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადებას, ერთის ნაცვლად, ორი რელიგიური მნიშვნელობის თარიღი ექნება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია: „საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციების შედეგად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, ასევე აისახოს წარმოდგენილი ორგანული კანონის შესაბამის მუხლში“.

[red_box]„სიმბოლო ურყევი სასოებისა“[/red_box]

ამის შემდეგ მთავრობას მოყჰავს ციტატები „ქართლის ცხოვრებიდან“, რაც, მათი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციას საპატრიარქომ მიაწოდა:

„ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული. ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე“.

შემდეგ წერია: „აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად – ეროვნულ დღესასწაულს“.

განმარტებითი ბარათის თანახმად, „ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს“. იქვე მთავრობის ადმინისტრაცია წერს:

„ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას — იმედის დღე“.

დაჩქარებული წესით განხილვა

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. ამას საჭიროებას შემდეგნაირად ხსნიან:

„გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საპატრიარქო წელს, 12 მაისს პირველად იზეიმებს და პირველად აღნიშნავს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კონსულტაციის შედეგად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის მიღება მოესწროს 12 მაისამდე.

შესაბამისად, მიზანშეწონილია, წარმოდგენილი ორგანული კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით“.

კანონპროექტს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე 10 და 19 აპრილს მოისმენენ, ხოლო 16 და 19 აპრილს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს დაჩქარებული წესით მიმართავდა ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად. ღვთისმშობლის წილხვედრობის აღნიშვნის ინიციატივა ილია მეორეს ეკუთვნის. მან ამის შესახებ გასულ წელს ისაუბრა.

მართლმადიდებელმა მღვდელმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზ თამაზ ლომიძემ ინიციატივა გააკრიტიკა და მას „პოპულიზმი“ და “რწმენის გაუფასურება” უწოდა.

“ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის მესვეურნი ვერ აცნობიერებენ, რამხელა ზიანს აყენებენ ამგვარი აქტებით ქრისტეს მოძღვრების გავრცელებას. ღვთისმშობლის მიმართ წილხვდომილობის თუ გვწამს, ეს უნდა იყოს ყველაზე შინაგანი, დაფარული, პირადი და საიდუმლო რწმენა თითოეულ ჩვენგანში და ამას არ უნდა ჭირდებოდეს კალენდარში პროკლამირება“, – დაწერა მან.

“უიაფესი პოპულიზმი და რწმენის გაუფასურება” – დეკანოზი ლომიძე წილხვედრობის დაკანონებაზე

ვფიქრობ, დადგება დღე, როდესაც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნება – ილია II

“უიაფესი პოპულიზმი და რწმენის გაუფასურება” – დეკანოზი ლომიძე წილხვედრობის დაკანონებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი