“ეს ძალიან ცუდია! რაც უფრო მეტ ასეთ სახელს დავირქმევთ და დავაკანონებთ, მით უფრო მწარედ მოვიხიბლებით და დავიჯერებთ, რომ ქრისტიანულად ვცხოვრობთ და რეალურად უფრო და უფრო დავშორდებით ნამდვილ ქრისტიანობას’, – ასე აფასებს მართლმადიდებელი მღვდელი, დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი თამაზ ლომიძე წილხვედრობის დაკანონების ინიციატივას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 4 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობა პარლამენტს დაჩქარებული წესით მიმართავს ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად.
“დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატოვას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლათწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.
დეკანოზ თამაზ ლომიძის შეფასებით კი, რომელმაც თავისი მოსაზრება ფეისბუკზე გამოაქვეყნა, ეს გადაწყვეტილება პოპულიზმი და “რწმენის გაუფასურებაა”.
“ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის მესვეურნი ვერ აცნობიერებენ, რამხელა ზიანს აყენებენ ამგვარი აქტებით ქრისტეს მოძღვრების გავრცელებას. ღვთისმშობლის მიმართ წილხვდომილობის თუ გვწამს, ეს უნდა იყოს ყველაზე შინაგანი, დაფარული, პირადი და საიდუმლო რწმენა თითოეულ ჩვენგანში და ამას არ უნდა ჭირდებოდეს კალენდარში პროკლამირება. ვერაფერი ასწავლა ისტორიამ ზოგიერთებს”, – აცხადებს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
ზემოხსენებული დღესასწაულის აღნიშვნის ინიციატივა ილია მეორეს ეკუთვნის.