ახალი ამბები

ადამიანური ფაქტორი ყოველთვის მოქმედებს – სესიაშვილი ჩაგდებულ კანონპროექტზე

5 აპრილი, 2019 • 1050
ადამიანური ფაქტორი ყოველთვის მოქმედებს – სესიაშვილი ჩაგდებულ კანონპროექტზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი გადაცემაში “პირველები” ამბობს, რომ დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე ღილაკების არევას შეიძლება მკაცრად ან ადამიანურად მივუდგეთ.

დეპუტატის თქმით, ადამიანური ფაქტორები ყოველთვის მოქმედებს:

“შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მკაცრი და ვთქვათ, რომ რას შვებით, ჩაგაბარეთ ქვეყანა და ღილაკებს ვერ არჩევთ, ან შეგვიძლია რაღაც ადამიანურადაც მოვუდგეთ. ადამიანური ფაქტორი თავისთავად, ცხადია, ყოველთვის მოქმედებს. თვქნ იცით, რომ კენჭისყრის ხანგრძლივობა შემცირებულია წუთიდან 20 წამამდე.

გარდა ამისა, პირდაპირ გეუბნებით, მე რაც პარლამენტში ვარ, ალბათ, 4000-ჯერ მაინც მიმიჭერია თითი და ადამიანურ ფაქტორს როცა ვამბობ, 4000-დან შეიძლება 5-ჯერ, ან თუნდაც 50-ჯერ გაგრძელდეს. გარდა ამისა, აკუსტიკის პრობლემა მაინც არის. ეს შემცირებული დროც, თავის მხრივ, მოქმედებს. შეიძლება გვერდით მჯდომს ესაუბრებდე… მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად არსებობს კენჭისყრაზე ხელმეორედ დაყენების შესაძლებლობა”, – თქვა სესიაშვილმა გადაცემაში “პირველები”.

დეპუტატმა დღევანდელი შემთხვევაც განმარტა, როცა დეპუტატებმა მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით წარდგენილი კანონპროექტი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მესამე მოსმენაზე ჩააგდეს:

“კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა მოხდა- მანამდე იყო საკითხები, რომელსაც უმრავლესობა მხარს არ უჭერდა და, შესაბამისად, ეს არ იყო ერთი საკითხი. როცა ერთი საკითხია, კონცენტრირებული ხარ მეტნაკლებად და ახდენ კონცენტრაციას”, – თქვა სესიაშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ სესიაშვილს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, ხომ არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ დეპუტატები კანონპროექტებს ხმას მექანიკურად აძლევენ, რაზეც სესიაშვილმა თქვა, რომ ამას შეურაცხყოფად მიიღებდა და განმარტა, რომ სანამ კანონპროექტი სესიამდე მივა, დეპუტატებმა კანონპროექტის თითოეული სიტყვა ზეპირად იციან და ხმის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებაც მიღებული აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი