“ვფიქრობ, იმ ზომებით, რომელიც მივიღეთ, ეს ხარვეზები გამოსწორდება და ბანკი იქნება უფრო უკეთესი” – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატ ზაზა ხუციშვილის შეკითხვას დღეს, 5 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რა საჭირო იყო მარეგულირებლის მხრიდან თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ გადადგმული ნაბიჯები იმ ფონზე, როცა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მმართველობის პირობებში ბანკი საკმაოდ წარმატებული იყო და 2010 წლის შემდეგ არაფერი საეჭვო ბანკში არ მომხდარა:
“მე შემთხვევით არ ვახსენე, რამდენად წარმატებულად აფასებთ [თიბისი ბანკის] საქმიანობას-მეთქი. საკმაოდ სერიოზული შემოწმება გაიარა თიბისი ბანკმა და ერადერთი სადავო ტრანზაქცია აღმოჩნდა 2008 წლის ტრანზაქცია.
სხვა, ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, 2010 წლის შემდეგ, რამდენადაც ვიცი, არაფერი საეჭვო იქ არ არის და ამ ორი ადამიანის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ეს ბანკი იყო საკმაოდ წარმატებული, გავიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ის რისკები, რასაც თქვენ ხედავდით, შეიძლება ითქვას, ამ გადასახედიდან, რომ არაფერი საეჭვო თუ არ აღმოჩნდა – არ გამართლდა.
ამიტომ ისმის კითხვა, რომ ახლა, 2019-ის აპრილში, რამდენად არის სწორი ნაბიჯი, მით უმეტეს, როცა ამ წლების განმავლობაში მათი პარტნიორების მხრიდან ყოველთვის იყო ნდობა და კითხვის ნიშნები არ დასმულა,” – ჰკითხა დეპუტატმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
ზაზა ხუციშვილის კითხვის საპასუხოდ კი გვენეტაძემ განაცხადა, რომ იმ ზომებით, რომლებიც მარეგულირებელმა მიიღო, ბანკი უკეთესი გახდება:
“ბანკში იყო ხარვეზები, ეს ხარვეზები უნდა გამოსწროებულიყო. ვფიქრობ, იმ ზომებით, რომელიც მივიღეთ, ეს ხარვეზები გამოსწორდება და ბანკი იქნება უფრო უკეთესი” ,- ამბობს კობა გვენეტაძე.