“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა მომხრეა, წარსულში ზეწოლის ქვეშ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ავტორებმა სასამართლო სისტემა დატოვონ.
კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ის აზრით, სასამართლო არ არის სამართლიანი.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი არსებობს, ხოლო გამოკითხულთა 87%-ს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს. ამავე კვლევით, გამოკითხულთა 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას (83%) სურს, სასამართლო სისტემაში არ მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
TI სვამს კითხვას – იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია, საინტერესოა, რაში ხედავს გამოსავალს თავად მოსახლეობა? გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი (46%) ადამიანი ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41% ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.