ახალი ამბები

ქალი პოლიციას ძმის ცემაში ადანაშაულებს – დაზარალებულს თავის ტვინის ჰემატომა აქვს

3 აპრილი, 2019 • 1166
ქალი პოლიციას ძმის ცემაში ადანაშაულებს – დაზარალებულს თავის ტვინის ჰემატომა აქვს

კახეთში, გურჯაანის რაიონში, პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ. ქალი ამბობს, რომ მის ძმას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც მას თავის ტვინის ჰემატომა განუვითარდა.

შსს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ კაცი თავდაპირველად ოჯახური კონფლიქტის გამო დააკავეს. რაც შეეხება ძალადობას, უწყება გენინსპექციაზე დაყრდნობით ამ ბრალდებას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამა წლის 22 მარტს კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის ზარი შემოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძამისი მისი ოჯახის წევრებს სახლიდან გაყრას უპირებდა. შსს ამბობს, რომ პოლიციამ გამოკითხა როგორც არასრულწლოვანი, ასევე მისი დედა, რომლებმაც განმარტეს, რომ კაცი ალკოჰოლის მომხმარებელია და როდესაც მას ალკოჰოლის მიღებას უშლიან, ხდება აგრესიული.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზემოხსენებულ თემაზე ოჯახში კამათი მოხდა, რის გამოც არასრულწლოვანმა 112-ში დარეკა, ხოლო კაცზე შემაკავებელი ორდერი გაიცა და მას არასრულწლოვნის დედასთან ყოველგვარი კომუნიკაცია აეკრძალა.

“შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 10 დღის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველ აპრილს, გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსიდან” შევიდა შეტყობინება, რომ აღნიშნულ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს ზ.მ. თავში არსებული ჰემატომით,” – განმარტავენ შსს-ში.

მათივე თქმით, როგორც ქალი, ასევე მისი ძმა აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ჰემატომა განვითარდა, 22 მარტს კაცს პოლიციელებმა მიაყენეს.

“აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის ფარგლებშიც ამოღებული და დათვალიერებულ იქნა კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები. ასევე, გამოიკითხნენ პოლიციელები, რომლებსაც 22 მარტს უშუალო შეხება ჰქონდათ ზ. მ-სთან.

ამ ეტაპზე ზ. მ-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დასტურდება. პარალელურად, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს,” – ამბობს შსს.

რაც შეეხება დიაგნოზს, ამჟამად დაზარალებული თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ მას მართლაც აქვს ჰემატომის დიაგნოზი და კაცს შესაბამისი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი