გამყიდველი პროდუქციის ნისიად გაცემაზე უარის თქმის გამო სამმა ადამიანმა სცემა- შსს

რუსთავში სამმა ადამიანმა მაღაზიის გამყიდველს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც ამ უკანასკნელმა პროდუქციის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 2 აპრილს, მაღაზიიდან თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, ბრალდებულებმა პროდუქტი რამდენჯერმე აიღეს. იმის შემდეგ კი, რაც გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის გაცემაზე, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაშავებული პირი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან