ახალი ამბები

მოსახლეობის 55.2%-ის აზრით, არ არის პარტია, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს – CRRC 

3 აპრილი, 2019 • 1612
მოსახლეობის 55.2%-ის აზრით, არ არის პარტია, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს – CRRC 

დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55.2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. 

კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10% არის პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46.3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო. 

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 66%-ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა. კითხვაზე – ხმის მიცემისას უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერების ვინაობა – მოსახლოების 38.5% პირველს ასახელებს, ხოლო 45,8% მეორეს. 

კითხვაზე – რა კრიტერიუმით ირჩევენ პარტიები, ვინ წამოაყენონ კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე – მოსახლეობა ასე პასუხობს:

  • არ ვიცი/უარი პასუხზე: 20.8%;
  • პროფესიონალიზმით: 24.1%;
  • საზოგადოებაში ცნობადობით: 17.1%;
  • პატიოსნებით: 6.6%;
  • პირადი კავშირების პარტიის ლიდერებთან: 18.7%;
  • ფულით: 12.4%;
  • სხვა: 0.3%. 

მოსახლეობის 60.7% მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი აქვს, ვიდრე ქალს. მოსახლეობის მხოლოდ 17% მოუწონებდა ქალიშვილს, პოლიტიკაში წასულიყო. 

საქართველოს მოსახლეობის 52% სრულად ეთანხმება, ხოლო 35% ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიტიკაში ადამიანები საკუთარი კეთილდღეობისთვის მიდიან.

წყარო: CRRC

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და,შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი