„კოალიცია ცვლილებისთვის“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ იმ პოლიტიკური პარტიების დასახელებას, რომელთა გაუქმებასაც ითხოვს.
დღეს, 28 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ ხაზი გაუსვა საკუთარ სისუსტესა და სამართლიან არჩევნებში ევროპული ძალების შიშს.
„კოალიცია ცვლილებისთვის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება იმ ე.წ. სარჩელთან დაკავშირებით, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში. რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოხატულად თქვა, რომ არის სუსტი და ეშინია ევროპული ძალების სამართლიან არჩევნებში”,- განაცხადა თენგო თევზაძემ.
თევზაძის განცხადებით, პარტიების არსებობა დემოკრატიის ინსტრუმენტია და “სხვა შემთხვევაში ხელისუფლებასა და რეჟიმებს ხალხი ცვლის”.
„ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდეს ხელისუფლებაში. საქართველოს სჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელიც მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით. დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის რუსული რეჟიმი, ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართველოს გამარჯვებამდე“, – განაცხადა თევზაძემ.
- „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“
- „კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
- „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“
თუმცა „ქართული ოცნება“ არ ითხოვს ამ კოალიციებში შემავალი პატარა პარტიების ცალკე აკრძალვას.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ასაკრძალი პარტიების განსაზღვრისას იხელმძღვანელეს ორი მთავარი კრიტერიუმით:
- რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება,
- რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
ავტორი: ნინა სიგუა








